მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი ყველა გადაწყვეტილება გრძელვადიან შედეგზე იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე - აზარაშვილი

ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე განცხადებას ავრცელებს. ის 2-წლინ საქმიანობას აჯამებს და სხვადასხვა რეფორმების წარმატებაზე წერს. ზურაბ აზარაშვილი განცხადებაში საუბრობს რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებაც და ამბობს, რომ ყველა ნაბიჯი ქვეყნის მომავალზე იყო გათვლილი და არა ერთჯერად პიარაქტივობაზე.

„დაწყებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, ექიმების აკრედიტაციის, რესერტიფიცირების, წარმატებული სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნის პროექტი. უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი იყო დამამთავრებელი კურსის სტუდენტების საზღვარგარეთ სასწავლებლად გაშვება, რომელიც შინაარსობრივად და ვადაში ებმოდა ახალი რესპუბლიკური კლინიკის გახსნას და უკვე უკან დაბრუნებული ექიმები მყარი ფინანსური და თანამდებობრივი გარანტიებით უნდა დასაქმდნენ სახელმწიფო კლინიკებში.

ასევე უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში შესაძლებელია მრავალპროფილური სასწავლო ცენტრის გახსნა, სადაც სპეციალური სასწავლო პროგრამებით, სამინისტროში შემავალ ყველა ერთეულს ექნება გადამზადების და ტრენინგის შესაძლებლობა.

რასაკვირველია, სახელმწიფო კლინიკების როლის გაძლიერება და მათ შორის, თბილისის რესპუბლიკური კლინიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო. ბოლო 20 წელია შენობის უპერსპექტივობაზე არაერთი დასკვნა თუ შეფასება გაკეთდა, მაგრამ სისტემაში როგორც სხვა მასშტაბური რეფორმები, ესეც არასდროს დაწყებულა. შესაბამისად, იმ ნიშნულამდე, წელს თებერვლის თვეში სადაც პროექტი მივიყვანეთ, არასდროს არავინ მისულა. მჯერა, რომ ის სამოქმედო გეგმა, რაც დაწყებული გვქონდა, სხვა განხილული ალტერნატივებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად ნაკლები დანახარჯებით და ეკონომიკური ეფექტით რამდენიმე წელიწადში მიიყვანდა ქვეყანას უკონკურენტო, თანამედროვე, მრავალპროფილური სამკურნალო დაწესებულების შექმნამდე.

ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ვრწმუნდები, რომ ალბათ შესაცვლელი პროპორციაა. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ხომ ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე.

ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენი ძალა, რამდენი სიმართლე იყო ასეთი ჩვენი გადაწყვეტილებების უკან, როცა მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ირაკლი კობახიძემ წინა კვირას რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხთან დაკავშირებით, თანამდებობიდან მოხსნა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები