გუშინ თბილისის ენერჯიმ სემეკში საჯაროდ წარმოადგინა ფაქტები, რომელიც ადასტურებს, რომ დაზიანებული მილსადენის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მოძრაობს, რამაც შესაძლოა გაზსადენის დაზიანება გამოიწვია. მათი შეფასებით ადგილზე აქტიური განაშენიანების პროცესია, დადგენილ წესებს კი არავინ იცავს. თბილისის ენერჯიში აცხადებენ, რომ საკითხზე კომუნიკაცია ბოლო წლებში თბილისის მერიასთანაც არაერთხელ იყო.
“სამშენებლო პროცესების მონიტორინგი არ ხორციელდება”- ამბობს "ურბანული განვითარების ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ანა ბიბილაშვილი საქმის კურსთან ინტერვიუში და აცხადებს, რომ ამის გამო ხშირია ქალაქში საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაზიანება, რასაც ხშირად მასშტაბური ავარიებიც მოჰყვება, რომლის მაგალითიც არის გაზსადენი მილის და ზაფხულში მთავარი წყალსადენი მილის დაზიანება იყო.
მისი შეფასებით, საკომუნიკაციო ქსელის არსებობის შესახებ კომპანიები გაფრთხილებულები არიან სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცესში და აქვთ შესაბამისი მოთხოვნები, რომელიც ადგილზე უნდა იყოს დაცული. თუმცა, ხშირად ეს პროცესი არ კონტროლდება, რაც იწვევს ცენტრალური საკომუნიკაციო მილების დაზიანებას.
“საკანონმდებლო ჩარჩოში, საკმაოდ კარგი ჩანაწერებია, რომ მოსახლეობა იყოს დაცული მსგავსი შემთხვევებისგან, ცენტრალური მილსადენების დაზიანებისგან, მაგრამ ერთი არის როდესაც მშენებლობის ნებართვის მიღების სტადიაზე სამშენებლო კომპანია გამოითხოვს შესაბამისი კომუნიკაციების კომპანიებისგან მოთხოვნებს და უფლებებს რა ბუფერული ზონები უნდა დაიცვას, ანუ რამდენად ახლოს არ უნდა მივიდეს მილებთან და მეორე არის უკვე რა ხდება რეალურად, სამშენებლო პროცესები რამდენად მიმდინარეობს უსაფრთხოების ნორმების დაცვით ან რამდენად ახლოს მიდის სამშენებლო ტექნიკა ამა თუ იმ არეალთან. ამ მხრივ ცოტა ბუნდოვანია ხოლმე ჩანაწერი, განსაკუთრებით, როცა სამშენებლო ნარჩენებზეა საუბარი, რომელსაც წყლის მილი დააზიანა თავის დროზე.
ეს პროცესი უნდა გააკონტროლონ თავად კომპანიებმა, რომელიც არ კონტროლდება. მონიტორინგი სამშენებლო პროცესების არ ხორციელდება. თუ ჩვენ ვისაუბრებთ რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები არ გვქონდეს განსაკუთრებულ ცენტრალურ მილებთან დაკავშირებით, ამისთვის საჭიროა მონიტორინგი კომპანიის მხრიდან მათ შორის, რომ არ იყოს ერთ მხარეს იყოს ეს უსაფრთხოების ზომები ჩამოკიდებული.”- ამბობს "ურბანული განვითარების ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ანა ბიბილაშვილი.
ბიბილაშვილის თქმით, პროცესში ერთ-ერთი მთავარი არის ის რომ სამშენებლო უსაფრთხოების ნორმებისთვის დადგენილი მინიმალური ჯარიმა ქალაქისთვის მიყენებულ რისკებს ვერ აბალანსებს. მისი შეფასებით, ეს არ არის შემაკავებელი მექანიზმი. ბიბილაშვილი საუბრობს ინფრასტრუქტურის მარკირების მნიშვნელობაზე და ასევე ცენტრალური საკომუნიკაციო ქსელების ბუფერული არეალების მონიშვნის აუცილებლობაზეც.
“სამშენებლო უსაფრთხოების პროცესის დარღვევისთვის დადგენილი არის ძალიან მინიმალური ჯარიმა, რომელიც ფიზიკურად არ ანაზღაურებს იმ ზიანს, რომელიც საზოგადოებას მიადგა. კომპანიას ეკისრება ვალდებულება, რომ გამოასწოროს დაზიანება, თუ სამშენებლო კომპანიამ დააზიანა მას ეკისრება რომ აღადგინოს გამოასწოროს და ა.შ. მაგრამ ქალაქისთვის მიყენებულ ზიანზე არანაირი ჩანაწერი არ არსებობს. იმ მოცულობის სანქცია ჯარიმის სახით, რა მოცულობის ზიანსაც ქალაქი იღებს არ გვაქვს. პირადად ურბანული პროცესების მართვის გამოცდილება არ ეყრდნობა ჯარიმებს, როგორც პრევენციას უფრო სხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები არსებობს, მათ შორის მუდმივი მონიტორინგი, მარკირება და მონიშვნა იმ არეალების, რომლებიც არის ბუფერული ზონები გაზსადენი და წყლის მილების.”- ამბობს ანა ბიბილაშვილი.
როგორც ცნობილია, 9 თებერვალს ვაშლიჯვრისა და ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენი დაზიანდა, რომელიც ვაკე-საბურთალოს ამარაგებს. შედეგად, 150 000 აბონენტს გაზით მომარაგება შეუწყდა.
ამასთან, ზაფხულში ე.წ მესამე პირის ბრალეულობა იკვეთებოდა წიწამურთან წყალსადენი მილის დაზიანებაშიც, რის გამოც დედაქალაქის 100 000-მდე აბონენტს წყალი 10 დღე არ მიეწოდებოდა.