მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატის საქმიანობა არ არის მხოლოდ პლენარულ დარბაზში საუბარი - პაპუაშვილი TI-ს ანგარიშზე

პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის წევრის საქმიანობა არ არის მხოლოდ პლენარულ დარბაზში საუბარი და თუ დეპუტატი მიკროფონს არ ჩართავს, ეს მის საქმიანობაზე არ მეტყველებს.

საქმე ის არის, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ყოველწლიურად აქვეყნებს სტატისტიკას, აქტიური და პასიური დეპუტატების შესახებ. პაპუაშვილის თქმით, "მდუმარე დეპუტატების" სიის გამოქვეყნება "ყველაზე დიდი მანიპულაცია და არაკეთილსინდისიერი კვლევაა".

"საერთაშორისო გამჭვირვალობას" ჰქონდა სტატისტიკა, თუ ვინ რამდენჯერ ჩართო მიკროფონი პლენარულ სხდომაზე, რაც სრული მანიპულაციაა. პარლამენტის წევრის საქმიანობა არ არის მხოლოდ პლენარულ დარბაზში საუბარი, ეს არის მუშაობა კომიტეტებში, ეს არის მუშაობა ამომრჩევლებთან და ა.შ., შესაბამისად, ასეთ დროს შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლევა არაკეთილსინდისიერია", - განმარტავს ის.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს კვლევა შვედეთის მთავრობამ დააფინანსა, შესაბამისად, "თავმჯდომარის გამჭვირვალობა - საქართველომ" უნდა შეისწავლოს შვედეთის გამოცდილება და ნახოს, გამოდის თუ არა ყველა დეპუტატი სიტყვით.

"კვლევა იყო დაფინანსებული შვედეთის მთავრობის მხრიდან, შეგიძლიათ დაინტერესდეთ და ნახოთ, რამდენი დეპუტატია, რომელსაც შვედეთის პარლამენტში მიკროფონი არ ჩაურთავს. როდესაც ფინანსდება კვლევები, შვედეთის მოქალაქეების ფულით, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს პარლამენტს, აქ, რა თქმა უნდა, დონორიც პასუხისმგებელია. ასეთი კვლევები ჩვეულებრივი სპეკულაციაა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ენაწყლიანები არიან დეპუტატები სხდომის დროს, ვინაიდან ეს არაფერზე მეტყველებს", - დასძინა მან.

ინფორმაციისთვის: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის შეფასება გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მე-10 მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლით 18 დეპუტატს არ უსარგებლია - მათგან 10 ქართული ოცნების წარმომადგენელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები