აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში სატრანსპორტო დერეფნების მრავალფეროვნება მანამდე უნდა გაჩნდეს, სანამ მოთხოვნა გაჩნდება და ტვირთები პორტებს მოადგება. ამის შესახებ მან თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გახსნის პანელზე მოდერატორის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ალი ასადოვმა სომხეთთან მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონისთვის ეს ახალი მოცემულობაა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ამასთან მან აღნიშნა, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება აზერბაიჯანში 10 წლის წინ დაიწყო და ამ მიმართულებით მოცულობითი ინვესტიციებიც ჩაიდო. თუმცა აზერბაიჯანის პრემიერი აღნიშნავს, რომ მოთხოვნა და შესაძლებლობები მზარდია, ინფრასტრუქტურას კი განვითარება ესაჭიროება.
„ბოლო 2 წლის განმავლობაში შუა დერეფნის გამოყენებით ტვირთბრუნვა 90%-ით გაიზარდა, რაც პატარა მაჩვენებელი არ არის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დერეფანი სიცოცხლისუნარიანი და უსაფრთხო მარშრუტია. ჩვენ - ამ დერეფნის მონაწილე ქვეყნებმა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ყველა ქვეყანამ ტრანსპორტირების საფუძველზე მეტი სარგებელი მიიღოს. ეს მარშრუტი უნდა იყოს კომფორტული და საქონლის გამგზავნი თავისი გათვლებით სარგებელს უნდა იღებდეს კომერციული ოპერაციებიდან. ამ მარშრუტზე ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია. აზერბაიჯანმა ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გააკეთა - მილიონობით ინვესტირება მოვახდინეთ ამ კუთხით... გვაქვს პორტი, რომელიც დაგვეხმარება აზიიდან ევროპაში მიმავალი საქონლის მომსახურებაში.
ჩვენ ძალიან დიდი სატრანსპორტო რესურსი გვაქვს. საზღვაო ხომალდების მთელი ფლოტი გვყავს. 11 ახალ საშუალო ზომის საზღვაო ხომალდს ვაშენებთ, რაც აზერბაიჯანს ამ პოტენციალის განვითარებაში დაეხმარება. ეს კასპიის ზღვის ორივე მხარეს გამოადგება. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ ძალიან ბევრს, იმისთვის რომ ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი, განვითარდეს შესაძლებლობები - ეს ყველაფერი დაგვეხმარება იმაში, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის საშუალებით კიდევ უფრო მეტი სარკინიგზო ტვირთბრუნვა გვქონდეს. ამ მარშრუტით 5 მლნ ტონა ტვირთის მომსახურება ხდება, რაც გახუთმაგებულია და მეტიც გვექნება. ასევე გავზრდით შესაძლებლობებს სხვა მიმართულებით.
ჩვენს რეგიონში შუა დერეფნის გარდა, სხვა ახალი მარშრუტებიც გამოჩნდა. ეს არის აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და ნახიჩევანს შორის გზა, რომლის შექმნა და გახსნა ახალ ალტერნატივებს აჩენს. ახალი გზები ნიშნავს ახალ ტრანზიტს, ამიტომ ჩვენ ტრანსპორტირებისთვის მეტი საქონლის შესაქმნელად მეტი ძალისხმევის გაწევა გვიწევს. მეტი საქონელი კი მეტ შესაძლებლობას ნიშნავს. ამიტომ მიმაჩნია, რომ [სატრანსპორტო დერეფნების] დივერსიფიკაცია და მრავალფეროვნება მანამდე უნდა გაჩნდეს, სანამ ჩვენს პორტებს ტვირთები მოადგება. ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარება და განვრცობა სწორედ ამიტომ ხდება.
ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარება სარკინიგზო იქნება ეს საჰაერო თუ სახმელეთო, აზერბაიჯანმა 10 წლის წინ დაიწყო. მეტი კაპიტალის და ინვესტიციების ჩადება დავიწყეთ ამ მიმართულებით. აზერბაიჯანი საკუთარ ტვირთს გლობალურ ბაზრებზე უშვებს. საბოლოო ჯამში, ახალი შესაძლებლობები ჩნდება და დღევანდელი რეალობა უკვე ბევრ სიახლეს გვთავაზობს. ამ შესაძლებლობების გააზრებისას, ვხედავთ, რომ ტვირთები ცენტრალური აზიიდან, ჩინეთიდან მოდის, რომლებიც აზერბაიჯანის და საქართველოს ინფრასტრუქტურას იყენებენ და თურქეთისა და დასავლეთისკენ მიემართება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დატვირთვა და მოთხოვნა, ასევე, შესაძლებლობები ძალიან დიდია. აზერბაიჯანი კარგად აკვირდება ამ ტენდენციებს და მასშტაბებს და თავის რესურსს მოთხოვნებიდან გამომდინარე აფართოებს“, - განაცხადა ალი ასადოვმა.




























