მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Deutsche Telekom-ი T-Mobile-თან გაერთიანებას განიხილავს - ერთობლივი კომპანიის შეფასებამ შესაძლოა $385 მილიარდს მიაღწიოს

T-Mobile, Deutsche Telekom

გერმანული სატელეკომუნიკაციო გიგანტი, Deutsche Telekom-ი ტელეკომუნიკაციების ამერიკულ გიგანტ T-Mobile US-თან გაერთიანებას განიხილავს. Bloomberg-ის ინფორმაციით, თუ გარიგება შედგა, აღნიშნული ტრანზაქცია შესაძლოა საჯარო შესყიდვების ისტორიაში ყველაზე მსხვილი კორპორაციული შეთანხმება გახდეს. როგორც ირკვევა, გერმანული კომპანია ჰოლდინგური სტრუქტურის შექმნაზე მსჯელობს. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ამ ეტაპზე საწყის ეტაპზეა.

ცნობისთვის, თუ შეთანხმება შედგა, გაერთიანების შედეგად ბაზარზე კაპიტალიზაციით მსოფლიოში უმსხვილესი უკაბელო ოპერატორი გამოჩნდება. ახალი კომპანია მაჩვენებლებით ჩინურ China Mobile-საც კი გადაასწრებს. ინფორმაციისთვის, ამჟამად T-Mobile-ის საბაზრო შეფასება $218.57 მილიარდს შეადგენს. თავად Deutsche Telekom-ის კი - $166.46 მილიარდია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Deutsche Telekom-ისა და T-Mobile-ის თანამშრომლობა უკვე მრავალ წელს ითვლის. გერმანული გიგანტი ამერიკული კომპანიის აქციების 53%-იან პაკეტს ფლობს. შესაბამისად, ექსპერტები მოელიან, რომ თუ T-Mobile-ის აღმასრულებელი საბჭო ინიციატივას დათანხმდება, პროცესი შიდა წინააღმდეგობის გარეშე ჩაივლის. თუმცა ანალიტიკოსები ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, რომ მსგავსი მასშტაბის გარიგებას პოლიტიკური მხარდაჭერა დასჭირდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები