დევდორაკთან მოძრაობა აღდგენილია, თუმცა ტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იმოძრავებს. ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.
უწყებამ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის კმ124-კმ139 (დაბა სტეფანწმინდა-ლარსი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე (დევდორაკი-ამალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
შეგახსენებთ, გუშინ დევდორაკის სასიგნალო მოწყობილობა გააქტიურდა, იყო ღვარცოფი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, დაშავებულები არ არიან. გამშვებ პუნქტ "ყაზბეგიდან" კი ყველა პირის ევაკუაცია განხორციელდა. შეჩერდა საბაჟო პროცედურებიც. დღეს დილიდან, კი შემოსავლების სამსახური იტყობინება, რომ გამშვებმა პუნქტმა მუშაობა აღადგინა.



























