დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ მიმდინარე წელს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მამუკა იმედაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, მოკლევადიან პერიოდში, სხვადასხვა ქვეყანაში წარმომადგენლობის გახსნა, ხოლო გრძელვადიან პერიოდებში საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა იგეგმება.
„ცოტა უფრო გრძელვადიან პერიოდში ჩვენს გეგმებში შედის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა და როგორც დეველოპერი, ისე წარმოდგენა. ხოლო მოკლევადიან პერიოდში, სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენი წარმომადგენლობის გახსნას ვგეგმავთ“, - ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი.
გარდა ამისა, კომპანია „მეტროპოლი“ მიმდინარე წლის უახლოეს თვეებში სააგარაკე პროექტების განხორციელებას გეგმავს. ერთი იქნება პროექტი ლისზე, ხოლო მეორე პროექტი შინდისში იქნება.
„უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ჩვენ სააგარაკე პროექტებს, რაც არის მეტროპოლი ლისი და მეტროპოლი შინდისი. რაც შეეხება პროექტებს, რომლებსაც 2025-ში ვგეგმავთ, ჩვენ აქტივები უკვე შეძენილი გვაქვს და მიმდინარეობს მუშაობა. ვგეგმავთ, რომ ახალი უბნები მოვიცვათ. ეს იქნება ვერა, ვაკე, ნაძალადევი. გვაქვს კიდევ რამდენიმე მოლაპარაკება რამდენიმე აქტივის შეძენასთან დაკავშირებით და არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი პროექტების რაოდენობა იმაზე მეტად გაიზარდოს, ვიდრე დაგეგმილია“, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.
რაც შეეხება უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ სიტუაციას, კომპანიაში ამბობენ, რომ ბიზნესი მზად უნდა იყოს ნებისმიერი გამოწვევისთვის. ის ასევე დასძენს, რომ ადამიანი რომელსაც აქვს უძრავი ქონების ყიდვა გადაწყვეტილი, ის საუკეთესო მომენტს ელოდება. შესაბამისად, ტურბულენტობისას გადაწყვეტილება გადაიდება, თუმცა არსად არ ქრება. ამიტომ, იმედაშვილს სიტუაციის გამოსწორების იმედი აქვს.
„როგორც ბიზნესის პასუხისმგებლობაა, რომ მზად ვიყოთ ყველანაირი გამოწვევისთვის. დეველოპერული სექტორიც არ არის სხვა სექტორებისგან გამორჩეული და გარკვეული გავლენა არის გაყიდვების კუთხით. თუმცა, უძრავ ქონებაზე ეს არის დროებითი. როდესაც ადამიანი უძრავი ქონების შესყიდვას გადაწყვეტს, ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს უფრო ადრე, თუმცა მომენტს ელოდება. შესაბამისად, ტურბულენტობისას გადაწყვეტილება გადაიდება, თუმცა არსად არ ქრება. როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება, მოლოდინია, რომ ერთიანად წამოვიდეს მოთხოვნა“,- განაცხადა იმედაშვილმა.