„უძრავი ქონების ბაზარზე მთავარი გამოწვევა ხარისხია“ - ეს განცხადება გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას კომპანია „არქის“ გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა გააკეთა. მისი თქმით, ბაზარი მნიშვნელოვნად იზრდება, თუმცა მას კვალიფიციური მუშახელი და ამ მხრივ კომპანიების მიერ ჩადებული ინვესტიციები პროპორციულად არ მიჰყვება.
„რაც შეეხება გამოწვევებს, რომელიც დეველოპერულ სექტორს აქვს, ჩემი აზრით, ეს არის, პირველ რიგში, ხარისხის გაუმჯობესება, კვალიფიციური მუშახელი. ამაში ინვესტიცია როგორც ჩვენ, ისე ყველა დეველოპერულმა კომპანიამ უნდა ჩავდოთ. ეს არის მზარდი ბიზნესი, ეს არის ბიზნესი, რომელზედაც ეკონომიკის დიდი წილი მოდის და კვალიფიკაცია აქ ქვეყანაში უნდა ამაღლდეს,“ - აღნიშნავს ხეცურიანი.
კომპანია „არქის“ 2025 წელს გაყიდვებში 75%-იანი ზრდა აქვს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი განმარტავს, ამის მიზეზი სისტემური დეველოპერების მიმართ გაზრდილი ნდობა და კომპანიის მხრიდან პრემიუმ პროექტების წარდგენა გახდა.
„უძრავი ქონების ბაზარი 2025 წელს დასტაბილურდა, რაც მნიშვნელოვანია ბაზრისთვის. ყველა რიცხვი მიანიშნებს, რომ მოთხოვნა ადგილობრივ, საქართველოს ბაზარზე, როგორც თბილისში, ისე ბათუმში, გაიზარდა. "არქის" მონაცემებს რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ გამორჩეულად კარგი წელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ნდობის ფაქტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე პრემიუმ პროექტები დაიწყო "არქიმ" რაზედაც მოთხოვნა მაღალი იყო. სწორედ ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით 75%-ზე მეტი ზრდა გვაქვს,“ - განაცხადა ხეცურიანმა.
კომპანია „არქის“ 51 ჩაბარებული და 32 მიმდინარე პროექტი აქვს. კომპანია მშენებლობას ახორციელებს როგორც თბილისში, ისე ბათუმში, ბაკურიანში და სიონში.
2026 წელს კომპანია ახალ პროექტებს აანონსებს თბილისის ყველა უბანში, ამასთან გეგმაშია კახეთის უძრავი ქონების ბაზარზე შესვლაც.



























