საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დევნილებისთვის ბინები 3 ქალაქში შენდება და ამ პროექტებში საცხოვრებელს 2 500 ოჯახი მიიღებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა
მისი ინფორმაციით, დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. 2025 წელს მთლიანობაში უზრუნველყოფილი იქნა 4 636 ოჯახი. დღეისთვის კი გრძელდება სამშენებლო სამუშაოები თბილისში, სადაც 7 კორპუსი შენდება, კორპუსები ასევე რუსთავსა და ბორჯომში შენდება.
„მთლიანობაში 2 500 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი ამ სამუშაოების დასრულების შედეგად. ზუგდიდში 1 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინა მას შემდეგ, რაც დასრულდება შესაბამისი კორპუსების მშენებლობა. აქ აქტიურად წარიმართება შესაბამისი პროცესი.
ასევე ეკომიგრანტთა განსახლება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. 2025 წელს უზრუნველყოფილი იქნა 783, ხოლო წელს 451 ეკომიგრანტი ოჯახი.
ასევე უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების პროექტი ხორციელდება. გადაწყვეტილება მიღებულია 1 200-ზე მეტ ოჯახთან დაკავშირებით, სახლი უკვე შესყიდულია 511 ოჯახისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























