აუდიტის თანახმად, დევნილთა მომსახურების სააგენტოში სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების ხარვეზები გამოვლინდა.
დოკუმენტში წერია, რომ სააგენტოში მივლინებების შესწავლისას გამოვლინდა შემთხვევები, როცა არ იყო დაცული კანონმდებლობით მოთხოვნილი ეკონომიურობის პრინციპები.
კერძოდ: ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე მივლინების ხარჯების ანაზღაურებისას დაფიქსირდა 6 ისეთი შემთხვევა, როცა სასტუმროში განთავსების დღიურიფაქტობრივი ხარჯი, დაახლოებით, 2-ჯერ აღემატებოდა მივლინების იმავე ლოკაციაზე საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებას.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროგრამების შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
აუდიტის თანახმად, ასევე გამოვლინდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვის დაუცველობა. კერძოდ, დევნილთა მომსახურების სააგენტოში ნებართვის გარეშე 35 პირი დასაქმდა, რომლებზეც 177 480 ლარის ანაზღაურება გაიცა.