მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს გლობალური ომის პარტია ვართ... ამის მოსმენა გულდასაწყვეტია - აშშ-ის ელჩი

რობინ დანიგანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი ამბობს, რომ გულდასაწყვეტია იმ დეზინფორმაციის მოსმენა, რაც დღესდღეობით აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ ვრცელდება გლობალური ომის პარტიის და საქართველოში რევოლუციის წახალისების შესახებ.

ელჩმა ილიას უნივერსიტეტის პროექტის - „საბჭოთა მეხსიერება“ საინაუგურაციო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დეზინფორმაცია საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის ყველგან და ისაუბრა ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე.

მისი თქმით, ასევე ვრცელდება სამწუხარო დეზინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება იდენტობის დაკარგვას ნიშნავს.

რობინ დანიგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

"ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებ რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა, რომ ეს ნიშნავს იდენტობის დაკარგვას, რაც სრულიად სიცრუეა.

სამწუხაროდ, დღეს არის დეზინფორმაცია აშშ-ის საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თითქოს ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტია ან ვცდილობთ რევოლუციის წახალისებას, თითქოს ბოროტი ზრახვები გვაქვს. ნამდვილად გულდასაწყვეტია ამის მოსმენა. რადგან ამ ქვეყანაში ჩვენი ისტორია 32 წელზე მეტია არის და ხალხებს შორის ძლიერი კავშირების ისტორიაა, ამერიკელებსა და ქართველებს შორის ღრმა მეგობრობის, პარტნიორობის ისტორია სამედიცინო, განათლების სფეროებში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაზიარების ისტორია, ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებაში ერთმანეთისთვის დახმარების გაწევის ისტორია. 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ საქართველოს 6 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გავუწიეთ. თუმცა რიცხვები არ ასახავს ისტორია, ისტორიას ასახავს ერთად მუშაობის წლები ცალკეულ უნივერსიტეტებთან, ორგანიზაციებთან, იმ პარტნიორობის აშენებაში დახმარებისთვის, რომელსაც დღეს ვიზიარებთ. ამიტომ გულდასაწყვეტი და იმედის გამაცრუებელია ნარატივის მოსმენა, რომელიც ცდილობს დახატოს სიმართლისგან განსხვავებული სურათი. მინდა გავიმეორო აშშ-ს ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ გახდეს ევროკავშირის წევრი, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტრაექტორია. ეს არის მომავალი, რომელიც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, ეს არის მომავალი, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ ათწლეულების განმავლობაში და ეს არის მომავალი, რომლის მხარდაჭერასაც შეერთებული შტატები გააგრძელებს ყველა შესაძლო გზით", - თქვა ელჩმა.

ტერმინ გლობალური ომის პარტიის ავტორი "ქართული ოცნებაა". პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მმართველი გუნდის სხვა წევრები ხშირად საუბრობენ, რომ გლობალურ ომის პარტიას პოლიტიკურ სივრცეზე დიდი გავლენა აქვს, მიუთითებენ რევოლუციურ სცენარებზე, თუმცა არ აკონკრეტებენ, თუ ვის გულისხმობენ ამ პარტიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები