მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დღეს ქვეყანა მდიდრდება“ - პრემიერი ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე

646734303d212
ვიქტორია მღებრიშვილი
19.05.23 12:36
839
„ჩვენ ქვეყნის გადარჩენას, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას და გაძლიერებას ვცდილობთ“ - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე - დღეს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით ქვეყანა რუსეთთან ცდილობს ინტეგრაციას თუ ევროკავშირთან.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქვეყანა მდიდრდება, რაც სწორი პოლიტიკის შედეგია.

„ჩვენ ქვეყნის გადარჩენას ვცდილობთ, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას და გაძლიერებას ვცდილობთ. დღეს ქვეყანა მდიდრდება. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 10 მლრდ დოლარით გაიზარდა.

დღეს უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა, ჩვენი ქვეყნის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ქვეყანას 5 მლრდ დოლარის რეზერვები აქვს. გაიზარდა პენსიები, ხელფასები, სოციალური დახმარება... ეს ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად შევძელით. ბიზნესი რომ ვითარდება, ეკონომიკა რომ იზრდება, მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას აქვს ჩვენნაირი ეკონომიკური ზრდა.

ომამდეც 10%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო, რაც თანდათანობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე აისახება. 700 მლნ ლარი, რომელიც ჩვენ გამოვყავით და დევნილებს სახლებს ვუშენებთ, საიდან ვუშენებთ. საიდან ვუშენებთ? ეს ფული ციდან ცვივა? ან პენსიების გაზრდა, ხელფასების გაზრდა და უამრავი პროექტი, რომელიც ჩვენ დავაფინანსეთ, საიდან ხდება? ამას ხომ დაფიქრება სჭირდება?!“ - თქვა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ქვეყანა ევროპის მკაცრ პოლიტიკას ვერ გაჰყვება, რადგან რუსეთთან პირდაპირი საზღვარი აქვს, რუსი ჯარისკაცები კი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დგანან.

„გასაგებია, რომ ევროპას მკაცრი მიდგომა აქვს, ჩვენ ჩვენს კოლეგებს ვუთხარით, რომ ამ პოლიტიკაში ვერ გავყვებოდით. ჩვენ არ ვართ არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე და რუსეთთან პირდაპირი საზღვარი გვაქვს და ჩვენი გამოწვევები გვაქვს. დაანებეთ სხვა ქვეყნების ინტერესებზე ფიქრსა და მუშაობას თავი. ისინი თავად მიხედავენ ამას“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები