მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება

617bea6531682
ინგა მურუსიძე
30.10.21 07:30
536
დღეს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება.

ცენტალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს. მოსახლეობა 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში - მერებს, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრებს ირჩევს.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, მეორე ტურისთვის გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი, ამომრჩევლებს მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე შექმნილია 29 სპეციალური უბანი, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მოემსახურებიან.

"საარჩევნო უბნებზე თქვენ დაგხვდებათ განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები, რომლებიც წინა მხრიდან ამოჭრილია ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა. შეგახსენებთ, ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება. 2 ოქტომბერს რემოდელირებული კაბინები მხოლოდ თბილისში იყო გამოყენებული, რის შემდეგაც ცესკომ ახალი დიზაინის კაბინების ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.

ორი ოქტომბრის მსგავსად, №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 31 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ისევ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით მისცემენ“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელ ბრიფინგზე.

ასევე, ცესკოს გადაწყვეტილებით, მეორე ტურზე განხორციელდება ბიულეტენების დათვლის აუდიო-ვიდეო გადაღება ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, საერთო ჯამში - 1750 უბანზე. ასევე გადაღებული იქნება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული საარჩევნო უბნების მონაცემების გადათვლის პროცესიც.

ცესკოს ცნობით, 30 ოქტომბრისთვის რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 5 309 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 35 198 და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 102 დამკვირვებელი; ასევე 119 მედიაორგანიზაციის 3 711 წარმომადგენელი.

„30 ოქტომბერს თქვენ საარჩევნო უბნებზე დაგხვდებათ კოვიდ უსაფრთხო გარემო, კვლავაც დაცული იქნება ყველა კოვიდრეგულაცია და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა“, - ამბობს კალანდარიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები