"ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრის და გერმანიაში საქართველოს ექს-ელჩის ელგუჯა ხოკრიშვილი აზრით, საქართველოში დღეს წერტილი სიჩუმეს უნდა დაესვას.
ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში ბერლინიდან ჩართვისას წამყვანის შესაბამის კითხვას.
საქმე ის არის, რომ ელგუჯა ხოკრიშვილი ამჟამად ბერლინში ცხოვრობს და საქმიანობს. ის ბერლინის თავისუფალი ინსტიტუტის და ბერლინის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია. ასევე, არის ISET-ის და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის არარეზიდენტი მკვლევარი.
„ოცნების“ ექს-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს დაცულობის ერთადერთი გარანტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი წევრობაა და აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება ამას ხელს შეუშლის.
„თუ მოტივაცია ქვეყნის აგენტების მხილებაა, გვყავს მტერი ქვეყანა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს რბილი ძალის გამოყენებით თუ სხვა გზით და ასეთი ორგანიზაციები თავისუფლად ოპერირებენ და იღებენ დაფინანსებას“, - განაცხადა მან.
წამყვანის კითხვაზე, რას ურჩევდა ის „ოცნების“ ხელისუფლების მოქმედ თუ ყოფილ წევრებს, ყოფილმა დიპლომატმა აქცენტი, ზოგადად, მოქალაქეების როლზე გააკეთა.
„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვეტყოდი, რომ ევროპა არის ჩვენი იდენტობა. რატომ გვინდა ევროატლანტიკური სივრცის წევრი ვიყოთ?! - იმიტომ, რომ ვიყოთ დაცულები, გვქონდეს განვითარების პერსპექტივა და კეთილდღეობა. ამ მიზნისთვის მრავალმა თაობამ გაწირა თავი და დღევანდელი თაობის მისიაა, რომ ეს პროცესი მიიყვანოს ბოლომდე.
მოქალაქეებმა უნდა გააგრძელონ პოზიციის დაფიქსირება!
აქ ხომ იმაზე არაა საუბარი, რომ სხვა პოლიტიკური გემოვნების ჯგუფს მოვუგოთ ტაქტიკური ბრძოლა, რომ ჩვენი გავიტანეთ. საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს და პერსპექტივას. ქვეყნის ინტერესები კი უფრო მაღალია, ვიდრე თითოეული პარტიის თუ პოლიტიკური ჯგუფის ლიდერის კერძო ინტერესი“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.