მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღგ-ს გადანაწილებით მუნიციპალიტეტებმა 100 მლნ ლარით მეტი მიიღეს - როგორ სრულდება დეცენტრალიზაციის სტრატეგია?

648b0faa9fd73
ელენე გოგბერაშვილი
15.06.23 23:00
532
"საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის" შეფასებით, ქვეყნის თვითმმართველი ერთეულების ფინანსური დეცენტრალიზაციის პროცესი სწრაფი ტემპით არა, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ სვლით წინ მიდის.

თვითმმართველობების ფინანსური დეცენტრალიზაცია მთავრობის 2019 წელს მიღებული 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ნაწილია. სტრატეგიული დოკუმენტის მიზნებს წარმოადგენს ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა და უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლები იზრდება და ამ ზრდას ხელი შეუწყო ჯერ კიდევ 2019 წელს დღგ-ს განსხვავებული პრინციპით გადანაწილებამ. მზია გიორგობიანი ამბობს, რომ შედეგად პირველივე წელს თვითმმართველობებისთვის 100 მილიონი ლარით მეტი რესურსის გადანაწილება განხორციელდა.

„2019 წლიდან რეალურად გადასული ვართ მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსულობების ზრდის სხვა პრინციპზე, რომელიც ეფუძნება დღგ-ს განაწილებას ანუ 2019 წლიდან ქვეყანაში შემოსული დღგ-ს 19% ნაწილდება მუნიციპალიტეტებში. წლევანდელი წლიდან ამოქმედდა ასევე ცვლილება და განისაზღვრა მინიმალური გასანაწილებელი თანხის ოდენობა, რომელიც გარანტირებულად ყველა მუნიციპალიტეტებს მიეცემა.

პირველივე, 2019 წელს შესაძლებლობა გვქონდა 100 მლნ ლარით მეტი ფინანსური რესურსი გადანაწილებულიყო მუნიციპალიტეტებზე. დაახლოებით 75%-ით მეტი ფინანსური რესურსი შევიდა, გასული წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებში. ეს არის ზრდადი და დაფუძნებულია ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ წლებთან ერთად მეტი შემოსავალი იქნება მუნიციპალიტეტებს, თუმცა ეს არის ერთი ნაწილი, როცა მუნიციპალიტეტების საკუთარ შემოსულობებზე ვსაუბრობთ.

დეცენტრალიზაციის ფარგლებში ასევე სხვა ღონისძიებებსაც განვიხილავთ, მათ შორის მიმდინარეობს საშემოსავლოს ნაწილში მიდგომების შესწავლა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან და ის განაცხადი, რომელიც ზოგადად ქვეყანამ აიღო დეცენტრალიზაციის სტრატეგიით, რომ მუნციპალიტეტების ბიუჯეტის წილი მშპ-ს არანაკლებ 7% უნდა იყოს, ამ მიმართულებით მივყვებით“,-აცხადებს მზია გიორგობიანი.

წელს პარლამენტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებები დაამტკიცა. საუბარია, „ადგილობრივი თვითმართველობების შესახებ“ კოდექსში ცვლილებებზე, რაც მუნიციპალიტეტებისთვის მეტი ფინანსური რესურსის დატოვებას ითვალისწინებს. მაგალითად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების 90% დარჩება ადგილზე და მხოლოდ 10% მიემართება ცენტრალურ ბიუჯეტში. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრო განიხილავს სამომავლოდ სხვა მექანიზმებსაც, მათ შორის საშემოსავლო გადასახადის გარკვეული ნაწილის თვითმართველობებში დატოვებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები