დღეიდან კურსდამთავრებულთა სტაჟირებაზე განაცხადების მიღება იწყება. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის სექტემბრიდან კურსდამთავრებულები სახელმწიფო დაწესებულებებში 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
როგორც განათლების სამინისტრო იტყობინება, კურსდამთავრებულთა შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად განხორციელდება – პირველ ეტაპი გულისხმობს განაცხადების მიღებასა და გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი კანდიდატებთან გასაუბრებას. კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 3000-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელსაც სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა მისცემს შესაძლებლობას, გაიაროს სტაჟირება სასურველ რეგიონსა და საჯარო უწყებაში.
"პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი, ან მეორე საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრში.
კანდიდატთა შერჩევის დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი იქნება სტუდენტის აკადემიური მოსწრება - GPA 2.8-4.0, ან/და ქულათა სისტემა 71-100 ქულის მაჩვენებელი. გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა უმაღლესი მოსწრების აპლიკანტს მიენიჭება", - იტყობინება განათლების სამინისტრო.
როგორც მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, სტაჟიორები ხელფასის სახით თვიურად 500 ლარს აიღებენ.