განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში, რომელზე რეგისტრაციაც ხვალიდან დაიწყება, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ხელფასი დარიცხული 500 ლარით განისაზღვრა - ამის შესახებ ამილახვარმა მთავრობის სხდომის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
"შევიმუშავეთ ანაზღაურებადი სტაჟირების უნიკალური პროგრამა, რომელიც უკვე ხელმოწერილია და ხვალიდან, 2 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით, გამოცხადებულია საბუთების მიღება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საბაკალავრო საფეხურის წლევანდელ კურსდამთავრებულებსა და მეოთხე კურსელებს, ასევე მაგისტრანტებს და ყველას, ვინც წელს დაამთავრა მაგისტრატურა. ძირითად კრიტერიუმად კი მათი აკადემიური მოსწრება განისაზღვრა.
აგვისტოში მთლიანად კანდიდატების შერჩევის პროცედურა და 1 სექტემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში 3 000-მდე ახალგაზრდა დაიწყებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას. ხელფასი იქნება დარიცხული 500 ლარი. გვესმის, რომ ეს არის მინიმალური ოდენობა, რომელიც სტაჟიორის მინიმალურ საჭიროებებს დაფარავს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ასეთი მასშტაბური სტაჟირების პროგრამა პირველად ხდება", - განაცხადა ამილახვარმა.
განათლების მინისტრის განმარტებით, დასაქმების მსურველთათვის ღია იქნება ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის ყველა თვითმმართველ ტერიტორიულ ორგანოში.
"კონკურსანტებისთვის შეთავაზებულია ყველა სახელმწიფო უწყება: ყველა სამინისტრო, მათი საქვეუწყებო დაწესებულებები, დეპარტამენტები, ასევე, ყველა თვითმმართველი ტერიტორიული ორგანო, რათა ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს არჩევანი, მათი ადგილმდებარეობისა და ინტერესების მიხედვით.
კონკურსანტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ რამდენიმე უწყება, პორტალზე შესვლისას კი კონკრეტული მიმართულებები დახვდებათ ჩამოშლილი", - ამბობს ამილახვარი.