პირველი აპრილიდან მელიორაციის ახალი, გაძვირებული ტარიფები ამოქმედდა. დღეიდან ერთი მორწყვის საფასური გაუმრიცხველიანებელი ფერმერებისთვის 116,5 ლარამდე ძვირდება, მაშინ როცა აქამდე ფერმერებს ამ მომსახურებაში წლიურად მხოლოდ 75 ლარის გადახდა უწევდათ. დასავლეთ საქართველოში კი ტარიფი უფრო ნაკლები 45 ლარი იყო.
მთავრობის განკარგულებით, ტარიფი განისაზღვრა სხვადასხვა კულტურებზე, მაგალითად ერთწლიანი კულტურების ერთი მორწყვა 116.5 ლარი იქნება (დღგ ჩათვლით), მრავალწლიანი კულტურების მორწყვის ფასი კი 1ჰა ტერიტორიაზე 102 ლარი. ახალი ტარიფების დადგენის ფონზე კი, მთავრობა ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენებას ნაწილობრივ დაუსუბსიდირებს. კერძოდ, ახალი წესით მთავრობა სეზონზე სამ მორწყვას დაასუბსიდირებს, დანარჩენი თანხის გადახდა თავად ფერმერებს მოუწევთ.
თუ ფერმერებს სურთ, რომ სასურველ დროს სარწყავი წყალი შეუფერხებლად მიიღონ, „საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრებს უნდა მიმართონ და გააფორმონ წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება. შემდეგ კი სახელმწიფო კომპანიამ წყლის მიწოდება შეთანხმებული განრიგით უნდა უზრუნველყოს.
„მნიშვნელოვანია, ფერმერებმა კომპანიასთან ხელშეკრულებები გააფორმონ მორწყვის სეზონის დაწყებამდე, რათა სარწყავი წყალი მათთვის სასურველ დროს, დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად, შეუფერხებლად მიიღონ. ამასთან, წყალმომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ სარწყავი წყლის მოხმარების საფასურს რეალურად მიღებული მომსახურების შემდეგ გადაიხდიან და არა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, - აცხადებს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი.




























