მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და 3 ლიტრამდე ბოთლით სასმლის სახელმწიფო შესყიდვა იკრძალება

პაპუაშვილი

პირველი აპრილიდან პლასტმასის მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებული რეგულაციების ნაწილი შედის ძალაში, რომელთაგან ერთ-ერთი სახელმწიფო შესყიდვებს ეხება.

კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვებს დაქვემდებარებულ უწყებებს ეკრძალებათ პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების სახელმწიფო შესყიდვა.

არის გამონაკლისებიც - შეზღუდვა არ ვრცელდება პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც ხორციელდება თავდაცვის ძალების და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 აპრილიდან აიკრძალა პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია.

აღსანიშნავია, რომ რეგულაციები იგეგმება პლასტმასის ბოთლების მიმართულებითაც. მთავრობამ 12 მარტის სხდომაზე მიიღო დადგენილება „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“. 2026 წლის 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აეკრძალებათ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებში სასმელების მიწოდება. ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება. დადგენილებით განსაზღვრულია გამონაკლისებიც. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე, მათ შორის არაალკოჰოლურ და ალკოჰოლურ სასმელებზე. გამონაკლისი შეეხება ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებისთვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებას. 16 მარტს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ბიზნესსექტორთან კონსულტაციების გარეშე არ იქნება მიღებული. კობახიძის თქმით, მთავრობა მზად არის, განიხილოს როგორც რეგულაციის გადავადება, ისე მისი შეცვლა. 20 მარტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით პლასტიკის ბოთლების აკრძალვის რეგულაციაზე ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა. როგორც ბიზნესის წარმომადგენლებმა BMG-სთან განაცხადეს, შეხვედრა კონსტრუქციული იყო და არის მოლოდინი, რომ კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება მოხერხდება.

ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის გაყიდვა დღეიდან აიკრძალა - რა საგნებს ეხება და როგორია ჯარიმები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები