რუსეთმა ხორბლის საექსპორტო ბაჟი შეამცირა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 14-დან 20 აგვისტომდე ხორბლის ექსპორტირებისას გადასახადის მოცულობა 1 ტონაზე 257.3 რუბლი ($2.8) იქნება, ნაცვლად ერთი კვირით ადრე არსებული 444.4 რუბლისა ($4.8). რუსული გამოცემების წერენ, რომ ამგვარად ბაჟი 1.7-ჯერ შემცირდა და მცურავი გადასახადის ამოქმედებიდან ანუ 2021 წლის ივნისიდან მინიმალურ მაჩვენებელზეა.
ქერზე საექსპორტო ბაჟი ნულოვანია, ხოლო 1 ტონა სიმინდზე 344.5 რუბლს($3.7) შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ სიმინდზე ექსპორტის გადასახადი მიმდინარე წლის აპრილიდან ამოქმედდა.
გადასახადის მოცულობა გაანგარიშებული იყო მარცვლეულის საორიენტაციო ფასიდან, რამაც ხორბალზე $214.8 (ერთი კვირით ადრე - $216.7), ქერზე - $179.8 (ერთი კვირით ადრე $177.9), სიმინდზე კი $203.1 შეადგინა (ერთი კვირით ადრე $194.8).
2021 წლის ივნისიდან რუსეთმა მარცვლეულის - ხორბლის, ქერისა და სიმინდის ექსპორტისას მცურავი ბაჟი დააწესა, რათა მიღებული შემოსავლით ადგილობრივი ფერმერები დაესუბსიდირებინა. ბაჟის მოცულობა ყოველკვირეულად მოსკოვის ბირჟაზე რეგისტრირებულ საექსპორტო კონტრაქტების მიხედვით საორიენტაციო ფასებზე დაყრდნობით განისაზღვრება. თავდაპირველად, ბაჟი დოლარში ითვლებოდა, თუმცა 2022 წლის ივლისიდან რუბლში დაიწყეს დათვლა. მარცვლეულის საექსპორტო ბაჟი საორიენტაციო და საბაზო ფასთა სხვაობის 70%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის მთავარი საიმპორტო ქვეყანაა.
წლის I ნახევარში საქართველომ მხოლოდ რუსული ხორბალი იყიდა - იმპორტი მზარდია