დღეიდან საქართველოში ოქროს ზოდების და მონეტების იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდა. 2025 წლის ნოემბერში მიღებული საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, განმარტებულია საინვესტიციო ოქროს მნიშვნელობა და მითითებულია, რომ ამ კატეგორიის ოქროს ზოდი არანაკლებ 995 სინჯის უნდა იყოს, ხოლო საინვესტიციო ოქროს მონეტა არანაკლებ 900 სინჯის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, სსკ-ის 157-ე მუხლს, რომელიც მოიცავს ტერმინთა განმარტებებს დღგ-ის მიზნებისთვის, ახალი “წ” ქვეპუნქტი დაემატა:
„წ) საინვესტიციო ოქრო − არანაკლებ 995/1000 სინჯის ოქროს ზოდი ან ფირფიტა, აგრეთვე არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსგან დამზადებული ოქროს მონეტა, რომელიც გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოშვების ქვეყანაში ფულად-საგადახდო საშუალებად გამოიყენება/გამოიყენებოდა.შენიშვნა: საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმები და წესი, აგრეთვე იმ ოქროს მონეტების სია, რომლებიც აკმაყოფილებს საინვესტიციო ოქროს კრიტერიუმებს, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“
ამ ცვლილების შედეგად განახლდა ასევე სსკ-ის 172-173-ე მუხლები, რომელთა მიხედვით საინვესტიციო ოქროს მიწოდება და იმპორტი გათავისუფლდა დღგ-ით დაბეგვრისგან ჩათვლის უფლებით.
საქართველოში საინვესტიციო კატეგორიის ოქროს ზოდებითა და მონეტებით ვაჭრობა ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ გააქტიურდა. არსებული სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს ეროვნულმა ბანკმა 2,384 ერთეული ოქროს ზოდი, 429 მილიონ ლარად გაყიდა.




























