მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღემდე IFC-მ საქართველოში დააახლოებით $2.5 მილიარდი ჩადო - რას ხმარდება დაფინანსება?

IFC

1995 წლიდან, ანუ მას მას შემდეგ, რაც საქართველო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წევრი და აქციონერი გახდა, IFC-მ ქვეყანაში დააახლოებით 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ bm.ge-ის IFC-ში განუცხადეს.

როგორც კერძო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებულ კორპორაციაში აღნიშნავენ, საქართველოში ინვესტიცია ძირითადად საფინანსო და ენერგეტიკის სექტორებში ჩაიდო.

საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა IFC-სთან. როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზებშია აღნიშნული, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობის გაძლიერება იგეგმება.

bm.ge დაინტერესდა, როგორია ამ დროისთვის IFC-ის საქმიანობა საქართველოში. როგორც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში აღნიშნავენ, მსოფლიო ბანკის ჯგუფის სტრატეგიის ფარგლებში, IFC ქვეყანაში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას და სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.

"IFC-მ საინვესტიციო კლიმატის, ვაჭრობის, სურსათის უვნებლობის, კორპორაციული მართვის განვითარების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ამაღლების მიზნით საკონსულტაციო პროექტებიც განახორციელა.

IFC-მ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების ხელშეწყობის, ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვის, კაპიტალის ბაზრების და საფინანსო სექტორის გაძლიერების, ხოლო ბოლო დროს საბანკო და საფინანსო სექტორის მდგრადობის ხელშეწყობის მიმართულებით", - აღნიშნავენ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში.

ამასთან, IFC ბოლო წლებში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს გამოყოფს.

"უკანასკნელ ხანს, IFC-მ საქართველოში სტრატეგიული ინვესტორის როლი შეასრულა კომპანია "ჯორჯია გლობალ იუთილითის" (GGU) მწვანე ობლიგაციების შეძენით. IFC-ის ინვესტიციამ 40 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და საერთო ჯამში 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ემისიის ნაწილი იყო, რომლის მიზანია წყალმომარაგების მოძველებული ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის განახლება და ქვეყანაში წყალმომარაგების ქსელის გაფართოება. ეს ქართული კერძო კომპანიის მიერ ყველაზე მასშტაბურ ემისიას წარმოადგენს. პროექტი ხელს შეუწყობს 1.3 მილიონი ადამიანისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესებას, რაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 35 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, IFC-მ 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა თიბისი ბანკში მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ქვეყანაში კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით",- უთხრეს bm.ge-ის IFC-ში.

ცნობისთვის, IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ის 100-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები