საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული III კვარტალის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 533.2 მლნ აშშ დოლარის FDI შემოვიდა, რაც 2024 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია. "ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით" - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
Stemscale-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის მიხეილ კუკავას განმარტებით, მაჩვენებელი ძირითადად სავალო ვალდებულებების ხარჯზეა გაზრდილი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კაპიტალის გადინების წინაპირობაა.
როგორც კუკავა BMG-სთან აღნიშნავს, 533 მილიონი დოლარი პოზიტიური რიცხვია და ადასტურებს, რომ უცხოური კომპანიები საქართველოში თავიანთ საქმიანობას აფინანსებენ, თუმცა, მისივე თქმით, როდესაც კომპანიები სავალო ვალდებულებების დაფარვას დაიწყებენ, ეს სტატისტიკაში აისახება როგორც კაპიტალის გადინება.
“533 მილიონი დოლარი არის უდავოდ პოზიტიური რიცხვი და ნიშნავს, რომ უცხოური კომპანიები აფინანსებენ თავიანთ საქმიანობას საქართველოში, იქნება ეს მშენებლობა თუ ოპერაციული ხარჯები. აქ არის ერთი „თუმცა“ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სააქციო კაპიტალისგან განსხვავებით, რომელიც არის მუდმივი ფული, სავალო ვალდებულება მომავალში არის დასაბრუნებელი. დღეს ეს ინვესტიციად ჩაითვალა, მაგრამ როცა ქართული კომპანია ამ ვალის დაბრუნებას დაიწყებს, სტატისტიკაში ეს უკვე იქნება კაპიტალის გადინება.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, გაორმაგებული მაჩვენებელი იმის ნიშანია, რომ უცხოელმა ინვესტორებმა თავიანთ ქართულ ბიზნესებს დიდი ოდენობით თანხა ასესხეს, რაც ეკონომიკურ აქტივობას ზრდის, თუმცა ფინანსური ვალდებულებების ფორმა აქვს ამას. დღეს არის შემოდინება, ხვალ იქნება კაპიტალის გადინება.
ასე რომ, როდესაც სავალო ვალდებულებების ხარჯზე იზრდება, ეს არ არის ცუდი, ცხადია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის სააქციო კაპიტალის ან რეინვესტირების ხარჯზე”,- ამბობს მიხეილ კუკავა.



























