მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დღეს, ჩვენი სამთავრობო გუნდის უკლებლივ ყველა წევრი კეთილსინდისიერად ემსახურება თავის საქმეს"- კობახიძე

მთავრობა

„მე პირადად, დღევანდელი მოცემულობით, შემიძლია, კმაყოფილებით ვისაუბრო იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩვენი მინისტრები ახორციელებენ, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ ბოლო პერიოდში მთავრობის საქმიანობაში "პრინციპული გარდატეხა" შეიტანეს.

"გუნდის გადახალისებასაც გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ახალი გუნდი და თუ ათვლის წერტილს ავიღებთ იმ მომენტიდან, როდესაც მთავრობის მოქმედი შემადგენლობა ჩამოყალიბდა, შემიძლია, მე პირადად თამამად ვთქვა, რომ არის თვისებრივად შეცვლილი ვითარება ორივე მიმართულებით - ერთი - სწორი პრინციპებით მუშაობის და მეორე - ეფექტიანობის თვალსაზრისით", - განაცხადა მან.

მისივე შეფასებით, გუნდი არის ძალიან გამოცდილი და მინისტრებს აქვთ სწორი მიდგომები.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი მთავრობა, ნებისმიერი ინსტიტუტი საჭიროებს მუდმივ დახვეწას და რა თქმა უნდა, ჩვენც გვექნება ხარვეზები იგივე თუნდაც ეფექტიანობის კუთხით. გამორიცხულია, რომ არ არსებობს დარგები, სადაც უფრო ეფექტიანად არ შეიძლება წარმართო მაგალითად პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით ჩვენ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი საქმიანობის დახვეწაზე, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, პრინციპული გარდატეხა შევიტანეთ მთავრობის საქმიანობაში ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძემ ჩაანაცვლა.

კორუფციაზე საუბრისას, კობახიძემ აღნიშნა, რომ დაგროვილი იყო პრობლემები და კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ხელის მოთბობა, თუმცა მისი თქმით, მოქმედმა მთავრობამ დროულად მოახდინა პრობლემების იდენტიფიცირება და გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, იმისათვის, რომ ასეთი პრაქტიკა აღარასოდეს განმეორდეს საქართველოში.

„რეალურად, იყო დაგროვილი პრობლემები, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა გააკეთა თავის დროზე მინიშნება. დაახლოებით, 1 თვით ადრე, ვიდრე ჩამოყალიბდებოდა მთავრობის ახალი შემადგენლობა, ეს პრობლემები იყო მეტ-ნაკლებად თვალსაჩინო და, საბოლოო ჯამში, როდესაც უფრო ღრმად ჩავიხედეთ საკითხში, აღმოჩნდა, რომ არაერთი მიმართულებით იყო სერიოზული პრობლემები. ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. ეს პრობლემები დაგროვდა 2021-2022 წლის შემდეგ. ამას ხელი შეუწყო, მათ შორის, იმ რთულმა ფონმაც, რომელიც შეიქმნა ჩვენი ქვეყნის გარშემო. როგორც ჩანს, ამ ფონზე, კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ხელის მოთბობა, რაც ძალიან სამწუხარო, ძალიან დასანანი იყო. თუმცა, რაც მთავარია, ჩვენ მაინც დროულად მოვახერხეთ პრობლემების იდენტიფიცირება და გადავდგით ძალიან კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ ასეთი პრაქტიკა აღარასოდეს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ინტერესი.

ჩვენ ვართ ანგარიშვალდებულნი საზოგადოების წინაშე და საზოგადოებას აქვს ეს დაკვეთა, რომ მთავრობამ, ხელისუფლებამ ზოგადად, იმუშაოს კეთილსინდისიერად, ხალხის ინტერესების სასარგებლოდ. ჩვენ ვიმოქმედეთ ამ პასუხისმგებლობით, რაც ძალიან რთული იყო, პოლიტიკურად მათ შორის. მით უმეტეს, რომ ამაზე ზრუნვა ჩვენ დავიწყეთ საარჩევნო წლის განმავლობაში და ამიტომაც დასჭირდა შედარებით დიდი დრო. პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, შედარებით მეტი დრო დაგჭირდა პრობლემების აღმოსაფხვრელად, თუმცა თანმიმდევრულად მივყევით ამ საკითხს და, საბოლოო ჯამში, დღევანდელი მოცემულობით, არსებითად გადავჭერით პრობლემები. ჩვენ მოვახერხეთ გუნდში არსებითი ცვლილებების შეტანა. თავის დროზე, როდესაც მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე, მაქვს განცხადებები გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ პასუხს ვაგებდი საპარლამენტო გუნდის ლიდერების კეთილსინდისიერებაზე და დღესაც იგივე შემიძლია გავიმეორო. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ და არც ერთთან მიმართებით კითხვები არ დასმულა. რასაც ვამბობდი თავის დროზე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო გუნდთან დაკავშირებით, დღეს, იგივე შემიძლია ვთქვა სამთავრობო გუნდთან დაკავშირებით, მინისტრებთან, სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებთან დაკავშირებით. მე მაქვს ეს რწმენა, რომ დღეს, ჩვენი სამთავრობო გუნდის უკლებლივ ყველა წევრი მოქმედებს ამ პრინციპებით, კეთილსინდისიერად ემსახურება თავის საქმეს,“- განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები