თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ეს ორ პრეზიდენტს შორის პირველი შეხვედრაა ჩრდილოეთ ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების შემდეგ.
ყარაბაღის ხელმძღვანელობა თავის მხრივ აცხადებს, რომ რეგიონს 100 ათასზე მეტი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა დატოვებს, რადგან მათ აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება არ სურთ. როგორც Reuters წერს, დღეს 3 ათასამდე ადამიანმა გადაკვეთა სომხეთის საზღვარი, რომლის მთავრობაც აცხადებს, რომ ლტოლვილთა მისაღებად ემზადება.
რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტს, როგორც ცნობილია, ერდოღანი აზერბაიჯანში ნახიჩევანში ერთი დღით ჩავა. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობა განიხილება, ასევე საუბარი შეეხება მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე საკითხებსა და ყარაბაღს.
აზერბაიჯანმა რეგიონზე 19 სექტემბერს დაიწყო შეტევა, რომელსაც ანტიტერორისტულ ოპერაციას უწოდებდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის აცხადებდა, რომ აზერბაიჯანის მიზანია სომხეთი ჩაითრიოს საბრძოლო მოქმედებებში, მაგრამ რეგიონში სომხეთის შეიარაღებული ძალები არ იმყოფებოდნენ.
აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულად თვლიდა და ითხოვდა მათ დაბრუნებას. წლების განმავლობაში რეგიონის გარშემო ორი ქვეყნის დაპირისპირება ორი ომით დასრულდა. 2020 წელს 40-დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა მთიანი ყარაბაღის გარკვეულ ტერიტორიასა და მის მომიჯნავე შვიდ რაიონზე.