აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუს ჟურნალისტთან დიმიტრი კისილიოვთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში 28 ნოემბრის შემდგომ განვითარებულ მოვლენებში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ჩარევას ხედავს. ამის შესახებ სტატიას და ინტერვიუს ვიდეოს რუსული სახელმწიფო მედია RIA ავრცელებს.
რუს პროპაგანდისტთან ინტერვიუში ალიევმა განაცხადა, რომ ოცნების ხელისუფლებამ მაშინ როდესაც უცხოური ჩარევის გაკონტროლების მიზნით (იგულისხმება რუსული კანონი) ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ამ დროს "მატარებელი უკვე გასული იყო", ხოლო აზერბაიჯანში ეს საკითხი უკვე საკმაო ხანია დარეგულირებულია და აზერბაიჯანულ მედიას უცხოეთიდან დაფინანსების მიღება აკრძალული აქვს. თუმცა, ალიევის თქმით, ამ შეზღუდვის მიუხედავად ისეთი სააგენტოები როგორიცაა "ამერიკის ხმა" თუ "რადიო თავისუფლება" დღე და ღამე ავრცელებენ "სიბინძურეს" რათა ჩრდილი მიაყენონ აზერბაიჯანს.
"საქართველოში ათასობით ორგანიზაცია იღებს დაფინანსებას უცხოეთიდან და ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ ათობით ათასის ხელფასებს იღებენ. ჩვენთან ეს საკითხი მოგვარებულია, მაგალითად აზერბაიჯანში მედია არ შეიძლება უცხოეთიდან ფინანსდებოდეს და რაში გვჭირდება ეს? ჩვენ ხომ აშშ-ში არ ვაფინანსებთ მედიას? ასე რომ მათაც რად უნდა აინტერესებდეთ ჩვენთან მედიის დაფინანსება. მათი ხელის სააგენტოებით როგორიცაა რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა, დღე და ღამე ავრცელებენ სიბინძურეს ჩვენ ხალხსა და ქვეყანაზე და ჩრდილს აყენებენ სომხეთთან ჩვენ გამარჯვებას. მე ვფიქრობ რომ ამის დარეგულირების დრო ხელიდან იყო გაშვებული საქართველოში, ხოლო როდესაც ეს გაკეთდა ამ დროს როგორც ამბობენ "მატარებელი უკვე გასული იყო". კარგია რომ ახლა დასტაბილურებისკენ მიდის ვითარება. აქაც ვხედავთ "მაკრონის ყურებს", ვერ ეტევა ეს ადამიანი თავის ქვეყანაში და საქართველოს საქმეებშიც ცდილობს ჩარევას,"- განაცხადა ალიევმა
საქართველოში 28 ნოემბერს, ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ არჩეულმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ საქართველო 2028 წლამდე არ გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე, რასაც საქართველოს საზოგადოების მხრიდან მრავალათასიანი უწყვეტი პროტესტი, ძალოვანი უწყებების მხრიდან კი სიტყვის თავისუფლებების შეზღუდვა და დემონსტრანტების დაკავება, ასევე ოცნების პარლამენტის მხრიდან მთელი რიგი ადმინსიტრაციული თუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების გაზრდა მოჰყვა. 16 დეკემბერს აღნიშნულის გათვალისუფლებით ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისთვის დიპლომატიური პასპორტებით EU-ში შესვლა შეზღუდოს, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების და ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების მიმართ სავიზო შეზღუდვები გააფართოვა.