ცხადია, დღეს ეს არის ლეგიტიმური და მშვიდობიანი პროტესტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი ხალხი გამოხატავს, რომ ევროპული მომავლის შენარჩუნება სურთ და ეს ასახეს საკუთარ არჩევანში.
"ამაღამ არ არის პროტესტი, ეს არის ქართველი ხალხის გამოხატულება, რომ სურთ ევროპული მომავლის შენარჩუნება და სწორედ ამას მისცეს ხმა. ეს იყო ეგზიტპოლების შედეგებში, რომლებიც ერთ საათში შეიცვალა",- თქვა პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ პროტესტს მშვიდობიანი ხასიათი ექნება და მისი, როგორც პრეზიდენტის და ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის როლი ნამდვილად არაა ქვეყნის დესტაბილიზაცია.
"ჩემი როლია, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, რომ ვეცადო დავიცვა საქართველოს ევროპული მომავალი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ვნახავთ მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამის აღსრულებას, რომელიც იქნება ერთი პარტიის დიქტატურის დამყარება", - თქვა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის სტრატეგია ნაწილობრივ შესაძლოა, ევროპული პარტნიორების დახმარებით, ახალი არჩევნების მოთხოვნა იყოს.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს არაერთ უცხოურ მედიას მისცა ინტერვიუ. მათ შორის, სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ DW-სთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
ცნობისთვის, დღეს, რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზე აქცია/დემონსტრაცია გაიმართება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გუშინ დააანონსა.