საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ DW-სთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
მას ჟურნალისტმა ჰკითხა დღეს, 19:00 საათზე დაანონსებულ აქციაზე, თუ რისი მიღწევის იმედი აქვს პროტესტის საშუალებით და რა მოხდება, თუ პროტესტი შედეგს არ გამოიღებს. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არის ბევრი განსხვავებული სტრატეგია და მათ შორის ფიქრობს, რომ პოლიტიკური პარტიები არჩევნების განახლების მოთხოვნაზე ფიქრობენ.
"მე არაფრის მიღწევა არ მჭირდება. ღიად განვაცხადე ჩემი მოსაზრება და ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა ამას მხარი უნდა დაუჭიროს, რადგან ისინი არიან, ვინც დაინახა, რომ მათი ხმა მოიპარეს, ისინი არიან ძალით შეყვანილი რეჟიმში, რომელიც უფრო დაემსგავსება რუსეთს, ვიდრე ევროპულ დემოკრატიულ ქვეყანას.
მე არ შემიძლია მომავლის წინასწარმეტყველება. ვფიქრობ ყოველთვის არ იწყებ პროტესტს და განსაკუთრებით მშვიდობიანს, როგორც ამ შემთხვევაში, დარწმუნებული, რომ მიზანს მიაღწევ. არის ბევრი განსხვავებული სტრატეგია, ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიები არჩევნების განახლების მოთხოვნაზე ფიქრობენ და სავარაუდოდ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, რომლებიც დარწმუნებული ვართ, რომ გამჭვირვალე და სამართლიანები არიან, ისინი ასევე აგროვებენ მეტ ანალიზს იმის შესახებ თუ რა მოხდა. ასე რომ, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ სტრატეგია, მე აქ ვიქნები, რამდენ ხანსაც შემეძლება, რომ ვიყო დამოუკიდებელი ინსტიტუცია ამ ქვეყანაში, რომელიც იბრძვის დიქტატურის წინააღმდეგ",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.