საქართველოს პრეზიდენტი დასავლეთს ოპოზიციის პროტესტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რომელშიც მმართველი პარტია გამოცხადდა გამარჯვებულად ხმის მიცემის დარღვევებისა და რუსეთის ჩარევის ბრალდებების ფონზე. ამის შესახებ AP News წერს, რომელმაც სალომე ზურაბიშვილთან ჩაწერა ინტერვიუ.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა Associated Press-ს განუცხადა, ქვეყანა გახდა რუსეთის ზეწოლის მსხვერპლი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმების ჩაშლას.
"ჩვენ ვნახეთ, რომ რუსული პროპაგანდა პირდაპირ იქნა გამოყენებული",- თქვა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობა „რუსეთთან ერთად მუშაობდა“ და „ალბათ“ მიიღო დახმარება მოსკოვის უსაფრთხოების სამსახურებიდან.
ზურაბიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ პროტესტი არის ერთადერთი გზა, რომლითაც ქართველებს შეუძლიათ „აჩვენონ, რომ მათი ხმები, მათი მომავალი მოიპარეს" და იმედი გამოთქვა, რომ აშშ და ევროკავშირი მხარს დაუჭერენ დემონსტრაციებს.
ცნობისთვის, დღეს, რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზე აქცია/დემონსტრაცია გაიმართება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გუშინ დააანონსა.