"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით გუშინ მარტივი სამართლებრივი კაზუსი ამოხსნა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებში მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
"კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანას შეუნარჩუნა კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა. ამ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, ძალიან მარტივი კაზუსი ამოიხსნა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. კონსტიტუციის 51-ე მუხლის მიხედვით ვიზიტების განხორციელების დროს პრეზიდენტს სჭირდება მთავრობის თანხმობა. მან ითხოვა ეს თანხმობა, ვერ მიიღო, თუმცა მაინც წავიდა და დაარღვია კონსტიტუცია. ეს არის უმარტივესი კაზუსი, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ამოხსნა", - განაცხადა კობახიძემ.
მისი შეფასებით, საკუთარ მიმართვაში ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავს დაესხა და ერთი არგუმენტიც არ უთქვამს იმაზე თუ რა არ მოეწონა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ამას გარდა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე უზრდელობას უწოდებს ზურაბიშვილის მიერ დეპუტატებზე გაკეთებულ განცხადებას.
"შეგახსენებთ ის არის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული და ის უზრდელობს. ეს როგორ შეიძლება. პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ზეპარტიული და ნეიტრალური უნდა იყოს უზრდელობდეს. წარმოუდგენელია, მაგრამ ეს მისი პრობლემა და საქმეა...
მან ძალიან კარგად იცის, რომ მისი გადაყენების პერსპექტივა თითქმის ნულის ტოლია, მან ხომ თავიდანვე ნაცმოძრაობის იმედით დაარღვია კონსტიტუცია. ბუნებრივია ნაცმოძრაობა მის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს...
სალომე ზურაბიშვილის ერთ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო - ინსტიტუტები მოშლილიაო. მინდა შეგახსენოთ რომ საქართველოში მშვიდობას ვინარჩუნებთ უკვე მე-12 წელი დაიწყება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა შარშან, შარშან წინ... დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებას ვაპირებთ, ეს იმ ინსტიტუტების დამსახურებაა, რომელიც ასე აღიზიანებს სალომე ზურაბიშვილს. აქაც თანხვედრაა სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ ნაცმოძრაობას შორის.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად შემდეგი ერთი წელიწადი, რომც ჩავარდეს იმპიჩმენტი ის დარჩება არა საქართველოს, არამედ ნაცმოძრაობის პრეზიდენტად", - თქვა კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.