მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი მოსამართლე, რომლებმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა

პრეზიდენტი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. გადაწყვეტილება მერაბ ტურავამ გამოაცხადა. განსხვავებული აზრი მხოლოდ სამ მოსამართლეს - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძეს და თეიმურაზ ტუღუშს ჰქონდა.

გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას 2016 წლის სექტემბრიდან იკავებს. იქამდე მას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოსტი ეკავა. ირინე იმერლიშვილიც პოსტს 2016 წლის სექტემბრიდან იკავებს, იქამდე მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა. თეიმურაზ ტუღუში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტს 2016 წლის ნოემბრიდან იკავებს, იქამდე მას საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის პოსტი ეკავა. 

სასამართლოს გადაწყვეტილება სამი მოსამართლის განსხვავებულ აზრთან ერთად საკანონმდებლო მაცნეზე უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა კონსტიტუციის შემდეგი მუხლი დაარღვია:

"საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის დანაწესი.

სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. დასკვნა ძალაშია ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება" - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების 3-დღიანი განხილვა 6 ოქტომბერს დასრულდა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს".

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა ესაჭიროება, რაც 100 დეპუტატს შეადგენს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები