მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, ირაკლი კობახიძე ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება

კობახიძე მიქანაძე

განათლების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან.

BM.GE-ის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში 15:00 საათზე გაიმართება.

6 თებერვალს განათლების მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. გივი მიქანაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებს უნივერსიტეტების რეორგანიზაციის პროცესის დაწყება და დროებითი მმართველი ორგანოს ჩამოყალიბება შესთავაზეს, რათა ორ წელიწადნახევრის განმავლობაში იმსჯელონ, შეაჯერონ პოზიციები.

თუმცა თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება“ არ მიუღიათ და ასეთი შეხვედრები მომავალ კვირასაც გაგრძელდებოდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ კი თქვა, რომ გივი მიქანაძისა და პრემიერ-მინისტრისადმი მათი თხოვნაა, შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი ორივე უნივერსიტეტიდან, რომელიც იმსჯელებს თუ როგორი იქნება ეს რეფორმა და რას მოიტანს.

გასული თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" თსუ-სა და სტუ- გაერთიანებას გეგმავს. 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე "ოცნების" მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ორივე უნივერსიტეტის რექტორებთან კონსულტაციით მიიღეს. მისი თქმით, გაერთიანებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი კონსულტაციები და სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი.

გადაწყვეტილებას პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ამასთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა და სამეცნიერო საზოგადოებამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხზე, ბიძინა ივანიშვილს განცხადებით მიმართ. განცხადების ავტორები მოითხოვენ, რომ საპარლამენტო მოსმენამდე პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიდნენ და საკითხი საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან საჯაროდ განიხილონ, ან ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა დაესწრონ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საპარლამენტო განხილვას, თუმცა უმაღლესი განათლების შესახებ კანონი პარლამენტმა 4 თებერვალს დაჩქარებული წესით მიიღო და ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის პროცესს არეგულირებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატი კი სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანების ინიციატივას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და სამინისტროს მოუწოდებს, პროცესი შეწყვიტოს. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება 4 თებერვალს სენატის - უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები