დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი და პოლიტიკის ანალიტიკოსი, ირაკლი მელაშვილი BM.GE-სთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლება იმ საბჭოური მენტალიტეტის ნარჩენებზე თამაშობს, რომელიც ქვეყანას 90-იანი წლიდან ამ დრომდე შემორჩა.
მისი ინფორმაციით, დღეს რაც ხდება, ეს არის საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ბრძოლა, თავისუფალი საქართველოს წინააღმდეგ, სადაც ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ ან ხელისუფლების სრულ დაქვემდებარებაში უნდა იყო, ანდა ამ ქვეყანაში არსებობის საშუალებას არ მოგცემ.
„დღეს რაც ხდება, ეს არის საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ბრძოლა, თავისუფალი საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ გვაბრუნებენ საბჭოეთში, სადაც გვეუბნებიან, რომ ან იქნები ხელისუფლებაზე დამოკიდებული და ფინანსები ხელისუფლების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, ან არადა ამ ქვეყანაში არსებობის საშუალებას არ მოგცემ.
მაშინ, დამოუკიდებლობისთვის რომ ვიბრძოდით, საქართველო - დამოუკიდებელი სოციალისტური რესპუბლიკა არ გვინდოდა, რომ იქაური საბჭოეთი აქეთ გადმოგვეტანა და საბჭოთა კავშირის მინი მოდელი გაგვეკეთებინა და რეალურად ახლა ხელისუფლება ამ მინი მოდელს გვთავაზობს.
როდესაც ხელს დამოუკიდებლობის აქტს ვაწერდით, ბუნებრივია ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 33 წლის შემდეგ გვეყოლებოდა ხელისუფლება, რომელიც კანონში დაწერდა, რომ იუსტიციის სამინისტროში ადამიანის სქესობრივ ურთიერთობებზე ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო გახდებოდა. წარმოუდგენელი ამბავი იყო. დღეს, ეს ხელისუფლება თამაშობს საბჭოური მენტალიტეტის ნარჩენებზე, რომელიც დაგვრჩა 90 წლიდან აქამდე. ახლა, ყველაფერი ერთად მოკრიბეს, რაც ქართულ აზროვნებაში საბჭოური იყო და იმაზე ცდილობენ ისტორიის უკან დაბრუნებას. მაგრამ არ გამოუვათ ეგ ამბავი, ისტორია უკან არ ბრუნდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე საშიში ის არის, რომ ევროპისაკენ ფანჯარა არის გახსნილი და შესაძლოა მათ ძალიან შეგვაფერხონ. თუ ფანჯარა ჩაიკეტება, მეშინია შანსი არ დავკარგოთ. იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი თაობის არჩევანი“, - აცხადებს მელაშვილი.