საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, რუსული ოლიგარქიული რეჟიმი უნდა ჩამოვშალოთ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და მოქალაქეებს მოუწოდებს, საპროტესტო აქციაზე დღესაც იაქტიურონ.
"დღე მეორე.
კიდევ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ, კიდევ უფრო ორგანიზებულნი. არ არის საჭირო ცენტრალიზებულ გადაწყვეტილებებს ველოდოთ.
უნდა დავორგანიზდეთ იმ ჯგუფებში, სადაც თავს კარგად ვგრძნობთ. იქნება ეს პარტიული, სტუდენტური, სამეგობრო, თანამშრომლების, თანამოაზრეების, უბნელების თუ ნებისმიერი სხვა სოციალური ქსოვილი.
ნაპოლეონის ცნობილი ფრაზის არ იყოს (ხიშტებით ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, მაგრამ ხიშტებზე ვერ იჯდები), ხიშტების ამარაა ოლიგარქია დარჩენილი.
რუსული ოლიგარქიული რეჟიმი უნდა ჩამოვშალოთ.
წინააღმდეგობა თითოეული ჩვენგანის ვალია. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ვიამაყებთ ამ დღეებით", - წერს გიოორგი ქადაგიძე.
შეგახსენებთ: მოქალაქეების საპროტესტო გამოსვლები გუშინ საღამოს მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ. მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია არაერთხელ დაარბია - გამოიყენეს როგორც ცრემლსადენი გაზი, ისე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. ბოლო დარბევა, დაახლოებით, დილის 07:00 საათისკენ იყო.