ირაკლი კობახიძე დღეს უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოვა. ღონისძიება თბილისის დროით 11:00 საათზე გაიხსნება. კობახიძის გამოსვლაც გახსნის ნაწილში იგეგმება უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან და CPAC-ის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.
როგორც "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აცხადებს, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე ქართული მხარე ისაუბრებს, "როგორ ვიცავთ ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო, მთავრობა, იმ ღირებულებებს, რომელიც მრავალი საუკუნეა, ჩვენი განუყოფელი ნაწილია".
„ბუდაპეშტი მასპინძლობს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას (CPAC), სადაც იკრიბებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებსაც აერთიანებთ კონსერვატიული ღირებულებები. კონფერენციაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ღონისძიებას გახსნის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მეგობარია. ვისაუბრებთ იმ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ღირებულებების აღრევას თანამედროვე სამყაროში, დასავლურ ცივილიზაციაში ორმაგ სტანდარტებს. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ვიცავთ ქართველები, ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო მთავრობასთან ერთად, იმ ღირებულებებს, რომელიც მრავალი საუკუნეა, ჩვენი განუყოფელი ნაწილია", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC) 29-30 მაისს ბუდაპეშტში იმართება. ეს მეოთხე წელია, როცა ამ ღონისძიებას მასპინძლობს უნგრეთი. კონფერენციაზე ირაკლი კობახიძე გასულ წელსაც გამოვიდა სიტყვით და თქვა, რომ "ე.წ. ლიბერალები აყენებენ რისკის ქვეშ ქვეყნებისა და ერების იდენტობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით".
წელს, ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.