საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თანამდებობას ტოვებს და ეს გადაწყვეტილება გუნდთან ერთად მიიღო. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
წასვლის გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნების“ სიძლიერე შიდა დემოკრატიაშია და გუნდში როტაციის რესურსი დიდია, ამიტომ პრემიერობის შესაძლებლობა სხვებსაც უნდა მიეცეთ.
„მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. გასული წლის ბოლოს მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში - შიდა თუ საერთაშორისოა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩემს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს და ვამაყობ იმ შედეგებით, რომელიც გუნდთან ერთად მივაღწიეთ. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა. ჯამში ყველაზე მეტხანს - 5 წელი ვიყავი პრემიერ მინისტრი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი ფაქტორი შიდა დემოკრატიაა, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება ჯგუფში როტაციის პრინციპი გახლავთ. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. მით უმეტეს ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ - შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და ქართული ოცნება არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად უნდა მოემზადოს. უნდა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ამასთან დაკავშირებით ყრილობა 1 თებერვალს გაიმართება.
არ დაგიმალავთ, პოლიტსაბჭოზე განვიხილეთ შესაძლებლობა რომ თანამდებობაზე, ზაფხულში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე ეს გადაწყვეტილება ახლა მიმეღო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ახალ პრემიერ მინისტრს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ ახალმა პრემიერმა თავისი გუნდი დროულად უნდა წარადგინოს და ახალი მთავრობა ჩამოაყალიბოს.