მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესში, ჩვენი ქვეყანა ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება - ირაკლი კობახიძე

კობახიძე
26.01.26 11:15
393

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს, მსოფლიოავაჭრო გზების გადაფასების პროცესში, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება. ამსი შესახებ ირაკლი კობახიძემ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოში წარმატებით დაინერგა ევროკავშირთან თავსებადი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა, რაც ერთი დეკლარაციითა და ერთი გარანტიით უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას ევროკავშირსა და კონვენციის წევრ 39 ქვეყანაში.

„დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება. ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები. ექსპორტისა და იმპორტის მზარდი მაჩვენებლების პარალელურად, საქართველოში წარმატებით დაინერგა ევროკავშირთან თავსებადი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა. ეს სისტემა ერთი დეკლარაციითა და ერთი გარანტიით უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას ევროკავშირსა და კონვენციის წევრ 39 ქვეყანაში. ამასთანავე, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთობლივი საბაჟო-გამშვები პუნქტების პროექტებზე, რაც რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ მებაჟეებს საბაჟოს საერთაშორისო დღე მიულოცა და სახელმწიფოსთვის მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად, რაც კეთილდღეობას მოუტანს ყველას, მოქალაქეებსაც და პარტნიორებსაც და ეს სტრატეგია მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეფუძნება.

„თქვენი შრომა, ხშირად, შეუმჩნეველია ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა ის ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების ფუნდამენტს ქმნის. სწორედ, თქვენ უზრუნველყოფთ კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობას, ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზებას და მოქალაქეების დაცვას კონტრაბანდული, თუ სახიფათო პროდუქციისგან. თქვენი სამსახური თანამედროვე, გამჭვირვალე და ეფექტიან სისტემად ჩამოყალიბდა, რაც ეკონომიკური ზრდის, ინვესტორთა ნდობისა და სამართლიანი კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე ჩვენს ქვეყანას ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. საქართველო საიმედო დასაყრდენია ზღვაზე გასასვლელის არმქონე 7 სახელმწიფოსთვის, რომლებსაც გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომას საქართველო სთავაზობს. ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად, რაც კეთილდღეობას მოუტანს ყველას, ჩვენს მოქალაქეებსაც და პარტნიორებსაც.

ეს სტრატეგია ეფუძნება მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, მშრალი პორტები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ემსახურება საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები