მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დღეს ნარკოტიკების “შავი ბაზარი” ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელებია” - ზურაბ სიხარულიძე

ნარკოტიკები

ნარკოლოგიური საშუალებების უკონტროლო წარმოებისა და რეალიზაციის პრობლემებზე BMDrive-ის ეთერში ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ “შავი ბაზრის” ფორმა, რომელზეც ოპიატებს ასაღებენ, შეიცვალა და ახალი ტენდენციები გამოიკვეთა.

“შავი ბაზარი ისე მუშაობს, როგორც ყველა სხვა ბაზარი - ნებისმიერი მოთხოვნა მიწოდებას აჩენს. თანაც, დღეს შავი ბაზარი აღარ არის ვიღაც “დილერი”, რომელიც სადღაც სახლში ზის და იქიდან ყიდის ნარკოტიკებს. შავი ბაზარი არის ხელოვნური ინტელექტი, სოციალური ქსელები, ბოტები - ვინ აკონტროლებს და ვინ დგას ამის უკან, ვინ იცის?! რეალურად ამის უკან უზარმაზარი ინდუსტრია და ნარკოკარტელი დგას, რომელსაც ვერც ერთმა სახელმწიფომ ვერაფერი უქნა. ვერც კი ხვდებიან, როგორ მოერიონ.

ნარკოტიკების საზღვარზე შემოსვლის გზებიც კი იმდენად განსხვავდება დღეს, ფანტაზიაც არ გეყოფათ, რომ წარმოიდგინოთ. საუბარია სრულიად ნეიტრალური ნივთიერებების თავისუფლად შემოტანაზე, რომლისგანაც შეიძლება, შემდეგ, ჩვეულებრივ სამზარეულოშიც კი დაამზადო ნარკოტიკი”, - აღნიშნავს სიხარულიძე.

მისი თქმით, “შავ ბაზარზე” გაჩენილი ნარკოლოგიური საშუალებები მსოფლიო გამოწვევაა, შეცვლილ ტენდენციებს კი თითოეული ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა.

“დღეს ეს მსოფლიო გამოწვევაა. ამერიკაში კატასტროფა ხდება, კანადასა და ევროპაშიც მუშაობენ ამ საკითხზე, აზიაში კიდევ სხვა პრობლემებია… რეალურად, მსოფლიოში ნარკოტიკების წარმოება შემცირებულია. დეფიციტი გაჩნდა იმ ნარკოტიკებზე, რომლებიც ზოგად მოხმარებაში იყო, რისი ჩანაცვლებაც სინთეტიკით მოხდა.

შეიცვალა ტენდენციები და ჩვენ ამ ტენდენციებს მოუმზადებლები შევხვდით, არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ მიჩვეული “ტრადიციულ” დამოკიდებულ ადამიანს, რომელიც ოპიატს მოიხმარს. ახლა სულ სხვა კატეგორია გაჩნდა, რომელიც არ თვლის, რომ ის დამოკიდებულია და პრობლემა აქვს, და ამას მხოლოდ “რელაქსისთვის” ან ეპიზოდურად იყენებენ, ყველაზე დიდი მსხვერპლი და ზიანი სწორედ მანდ არის”, - აღნიშნავს ნარკოლოგი.

ზურაბ სიხარულიძის თქმით, “შავი ბაზრის” კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, რადგან ნივთიერებები, რომლებსაც კუსტარულად ამზადებენ, რეგისტრირებული არ არის.

“ამის კონტროლი, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან ყველაფერი არარეგისტრირებულია. ძალიან დიდი გამოწვევაა და მსოფლიოც იგივე გზას გადის. არ არსებობს ფორმულა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ცდილობს, რაღაც მიდგომები მოიფიქროს.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი ლაბორატორიები გვაქვს, წამლების აღმოჩენა შეუძლებელია. რომც აღმოაჩინო, ვერ გვეცოდინება რა არის, რადგან რეგისტრირებული არ არის და რა სახელსაც უნდათ, იმას არქმევენ”, - განმარტავს ზურაბ სიხარულიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები