“ჯანდაცვის სამინისტრო ნარკოპოლიტიკაში 12 მილიონ ლარს ხარჯავს” - ამ საკითხზე BMGDrive-ის ეთერში ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროგრამა, რომელიც ამ ბიუჯეტიდან ფინანსდება, კრიტიკას ვერ უძლებს.
“ამ ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი ჩანაცვლების თერაპიის დაფინანსებაში იხარჯება, 2 მილიონამდე კი - აბსტინენციაზე ორიენტირებულ პროგრამაში, რომელიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ის აბსოლუტურად არარენტაბელურია კლინიკებისთვის.
მაგალითად, სახელმწიფო პროგრამებში, ჩვენს კლინიკებში, დასავლეთში მხოლოდ სამი ადგილია გამოყოფილი და [ნარკოდამოკიდებულის] პროგრამაში მოხვედრისთვის, ფაქტობრივად, 2-წლიანი რიგია. თბილისში ასეთი 6 ადგილია და მოლოდინის რეჟიმი 8-თვიანია”, - აღნიშნავს ზურაბ სიხარულიძე.
მისივე თქმით, ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის პროგრამები, ფაქტობრივად, არ ფინანსდება, რაც გატარებულ ნარკოპოლიტიკას არაეფექტურს ხდის.
“რეაბილიტაციის პროგრამები, ფაქტობრივად, არ გვაქვს, სახელმწიფო არ აფინანსებს. თუ დეტოქსის მერე სარეაბილიტაციო კურსი არ ჩატარდა, ჩათვალეთ, რომ ეს 2 მილიონი, რაც აბსტინენციაზე იხარჯება, წყალშია გადაყრილი. საერთაშორისო პრაქტიკა ასეთია, მხოლოდ აბსტინენციაზე ორიენტირებული მკურნალობის ეფექტიანობა და ნარკოდამოკიდებულის სრული გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 5-დან 10%-მდეა. ეს ძალიან რთული კომპოზიციაა, რომელშიც სახელმწიფოს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია”, - აცხადებს ზურაბ სიხარულიძე.