მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევებია ნარკოტიკებზე დამოკიდებულების ჩანაცვლების პროგრამებში? - ნარკოლოგის განმარტება

ნარკოლოგი

საქართველოში ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი “ჩანაცვლებითი თერაპიაა”, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებების ერთი კონკრეტული ჯგუფისთვის - ოპიოიდებზე დამოკიდებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. აღნიშნული პროგრამა საქართველოში 2005 წლიდან მოქმედებს, თუმცა, ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძის აზრით, ჯანდაცვის წინა მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ პროგრამაში 2024 წლის დასაწყისში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, პროგრამის ეფექტურობა შემცირდა - ამის შესახებ სიხარულიძე BMG-სთან საუბრობს.

“ჯანდაცვის წინა მინისტრის დროს, ჩანაცვლების პროგრამაში დარგის ექსპერტებთან შეუთანხმებლად შეიტანეს ცვლილებები და, თუ მანამდე შეგვეძლო, რომ ადამიანებს, რომელიც მუშაობს, ან შორს ცხოვრობს პროგრამისგან, რამდენიმე დღის დოზა თან წაეღოთ, ეს დებულება საერთოდ ამოვიღეთ. წარმოიდგინეთ, წლების მანძილზე, ყოველ დღე ერთ ადგილას სიარული დოზის მისაღებად - პროგრამაში ამის წახალისების არავითარი მექანიზმი არ არსებობს.

მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ სთხოვა ნეიტრალურ ექსპერტებს, რომ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, მსოფლიო პრაქტიკა გაეწერათ. ძალიან სერიოზული დოკუმენტი მომზადდა და რა ქნა ჯანდაცვის სამინისტრომ? აბსოლუტურად ყველაფერი, 100%-ით საწინააღმდეგოდ გააკეთა და ეს დადგენილება ერთპიროვნულად მიიღო”, - აცხადებს ზურაბ სიხარულიძე.

მისი განმარტებით, აღნიშნულმა ცვლილებამ კერძო პროგრამებიდან ხალხის გადინება გამოიწვია.

“სახელმწიფო პროგრამებზე ვერ გეტყვით, თუმცა კერძო პროგრამები 400-მდე ადამიანმა დატოვა, რადგან ყოველ დღე ცენტრში სიარულის პირობებში, თავიანთ საქმიანობას ვეღარ აგრძელებენ. კომერციულ (კერძო) პროგრამებში ძირითადად ის ნარკოდამოკიდებულები არიან ჩართულები, ვისაც საკუთარი ბიზნესი ან შემოსავალი აქვთ, რომ ეს ხარჯები დაფარონ, მაგრამ, ცვლილების გამო, თავიანთ საქმეს ვეღარ აგრძელებენ და ამიტომ პროგრამას ტოვებენ და შავ ბაზარს უბრუნდებიან. სახელმწიფო პროგრამის მონაწილეები კიდევ უფრო მოწყვლადები არიან, რადგან მათ, კერძო პროგრამისგან განსხვავებით, სადაც ანონიმურობა დაცულია, მუშაობის უფლებაც კი აკრძალული აქვთ”, - ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

იგი აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის მიდგომები საერთაშორისო სტანდარტებს ისედაც ჩამორჩება, რაშიც მთავარი წვლილი საზოგადოების დამოკიდებულებას მიუძღვის.

“საქართველოში საერთაშორისო მიდგომებისგან ძალიან შორს ვართ. ელემენტარულად, პროგრამის ცენტრებთან პოლიციელები დგანან და მომხმარებლებს დასდევენ და წარმოგიდგენიათ, აქ რომ უსაფრთხო ინექციის პროგრამა გავხსნათ, რა მოხდება?! მენტალობა და ჩვენი დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ ამასთან დაკავშირებით. არ ვაღიარებთ, რომ არიან და იქნებიან ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს.

რეალურად, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ახალი მომხმარებელი არ გაჩნდეს. საქართველოში ინექციური ნარკოტიკების 51 ათასი მომხმარებლიდან 20 ათასი ჩანაცვლების პროგრამაში ისედაც ჩართულია. ანუ 20 ათასი ჩამოვაშორეთ ქუჩას და დაგვრჩა 31 ათასი პრობლემური ადამიანი. მათ კიდევ რაღაც ნაწილსაც თუ ჩავრთავთ პროგრამაში, გადავარჩენთ სიკვდილის, C ჰეპატიტს, "აივ ინფექციას"და სხვა ბევრ უბედურებას და სახელმწიფოს დანახარჯებიც შემცირდება”, - აცხადებს ზურაბ სიხაულიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები