ფინანსის გია ჩქოფოიას შეფასებით, დღეს, "ქართული ოცნების" ძალაუფლება დგას თოფიან ხალხსა და მედიაზე. ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ანალიტიკოსი საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. "პროტესტის პარალელურად, მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს "ოცნების" მომხრეების შემცირება", - წერს გიორგი ჩქოფოია, რომლის პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:
"გასაგებია, რომ სახელმწიფო სისტემები ძალაუფლებას ტექნიკურად თოფიანი ხალხით (მხოლოდ მათ აქვთ ძალის გამოყენებაზე ექსკლუზიური უფლება), ხოლო საინფორმაციო-იდეოლოგიური თვალსაზრისით მედიისა და განათლების სისტემის მეშვეობით ინარჩუნებენ. განათლება შედარებით გრძელვადიანი, მაგრამ ეფექტური იარაღია ნაციონალური ნარატივებით მოქალაქეების ინდოქტრინირებისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, შეიქმნას და დაპროგრამდეს ისეთი საზოგადოება, რომელიც საუკეთესოდ მოემსახურება 'სახელმწიფო ინტერესებს'. ახლა ეს სრულიად არარელევანტურია და ამაზე სხვა დროს.
რას აკეთებს "ქართული ოცნება?" - დღეს მისი ძალაუფლება დგას თოფიან ხალხზე და მედიაზე. მედია არანაკლებ მძლავრი იარაღია. სახელმწიფოს მმართველებს არ აწყობთ საზოგადოების ფართო მასების კონსოლიდაცია იმ იდეების თუ ქმედებების ირგვლივ, რაც საფრთხეს შეუქმნის მათ ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე. ამიტომ, მუშაობს პროპაგანდა იმ სიღრმით და მასშტაბებით, რასაც არსებული პოლიტიკური სიტუაცია მოითხოვს.
მე არ ვფიქრობ, რომ მიმდინარე პროტესტი მოკლევადიან შედეგს გამოიღებს. ეს ბრძოლა ბევრად ხანგრძლივი და რთული მგონია, ვიდრე ის დღეები, რაც გამოვიარეთ. ამიტომაც, ვამბობ, რომ საზოგადოების უფრო და უფრო მეტი ნაწილის კონსოლიდაცია არის საჭირო, რამდენადაც ეს მოხერხდება. ისტორიული გამოცდილებებიდან კარგი მიახლოებით ვიცით, რომ თუკი პროტესტს ჰყავს აქტიური მომხრეები მოსახლეობის 3-5% ფარგლებში, ხოლო პასიური მომხრეები 70% და მეტი, მაშინ ცვლილების ალბათობა მკვეთრად იზრდება სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე. ამიტომ, პროტესტის პარალელურად, მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს "ოცნების" მომხრეების შემცირება. ჩემთვის დებატებს არ აქვს ალტერნატივა, როგორც პრაგმატული, ასევე მორალური თვალსაზრისით. ეს არითმეტიკულადაც ასეა. გადახედეთ ედისონის კვლევის შედეგებს.
როგორ შეიძლება ამას მივაღწიოთ?
- პირველ რიგში მედიებზე წნეხით. ბუნებრივია, კანონის ფარგლებში. რა მოხდება თუკი, "იმედთან" გაიმართება აქციები? ვამხელთ მათ პროპაგანდას ყველა შესაძლო არხებით და იქ მომუშავე ადამიანებს შევუქმნით წნეხს, მორალურ-სოციალურ დისკომფორტს მოსახლეობის ტვინების რეცხვის გამო. მეორე მხრივ, ეგებ, ამ აქციების დროს, მათ საეთერო დროში დებატების ორგანიზებაც მოხერხდეს, ე, მანდ მცირე სინათლის შესატანად მაინც.
- ასევე, ოპოზიციური არხების გახსნა დებატებისთვის. მოიწვიეთ "ოცნების" მომხრეები და ადებატეთ მათთან, ვინც ცვლილებას უჭერს მხარს. მოიწვიეთ ისინიც, ვინც არცერთს უჭერენ მხარს და არც მეორეს.
პ.ს. პროტესტს აქვს მნიშვნელოვანი როლი, მაგრამ აზროვნებაზე, დისკუსიებზე და მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი ნაწილის დარწმუნებაზე უარის თქმა დიდი შეცდომა მგონია, ყველა თვალსაზრისით. თუკი ვცდები, დამისაბუთეთ. თუ ეს არ შეგვიძლია, მაშინ ვთქვათ, რომ არგუმენტები არ გვაქვს. მაშინ რა გვინდა?!", - წერს ანალიტიკოსი facebook-ის პირად გვერდზე.