მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს საფრანგეთში დიდი შვიდეულის სამიტი დაიწყება

G7

საფრანგეთის ქალაქ ებიანში დიდი შვიდეულის ყოველწლიური სამიტი დღეს გაიხსნება. საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების, კანადის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, იტალიისა და გერმანიის, ასევე ევროკავშირის უმაღლესი ლიდერები დაესწრებიან, არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე შედგება საუბარი.

სამუშაო სესიების მთავარი თემები გეოპოლიტიკური გამოწვევები და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება იქნება. მონაწილეები უკრაინისა და ევროპის მშვიდობის საკითხებს, საერთაშორისო პარტნიორობასა და დაბალანსებულ ეკონომიკურ ზრდასაც დეტალურად განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ხელოვნური ინტელექტის მომავლის განსაზღვრა იქნება. თუმცა დასახელებული საკითხების კუთხით რა კონკრეტულ შეთანხმებებს შეიძლება მიაღწიონ მხარეებმა, ჯერ უცნობია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ებიანის დიდი შვიდეულის სამიტის დაწყებამდე მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა სპეციალური ვიდეოკონფერენცია გამართა, რომელშიც მონაწილეობა G7-ის არაწევრი, თუმცა ეკონომიკურად და პოლიტიკურად არანაკლებ მნიშვნელოვანი სახელმწიფოების: ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიის, სამხრეთ კორეისა და კენიის წარმომადგენლებმა მიიღეს. ამ შეხვედრაზე მხარეებმა მაკროეკონომიკური დისბალანსი შეაფასეს.

ცნობისთვის, დიდი შვიდეულის გაერთიანება გლობალურ გამოწვევებზე რეაგირების მიზნით 1973 წელს ჩამოყალიბდა და მასში ევროკავშირი 1977 წლიდან მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ მრავალი წლის განმავლობაში G7-ის ნაცვლად იმართებოდა G8-ის სამიტები, რადგან დიდი გაერთიანების წევრებს შორის რუსეთიც იყო, თუმცა 2014 წელს, რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევისა და ქვეყნის წინააღმდეგ ომის დაწყების ფონზე ის ალიანსიდან გარიცხეს და "დიდ რვიანს" სახელი "დიდი შვიდეულით" შეუცვალეს.

გასულ წელს G7-ის შეხვედრის მასპინძელი კანადა იყო, წელს ეს პრივილეგია საფრანგეთს ერგო, მომავალ წელს კი ორგანიზაციის თავმჯდომარეობას აშშ გადაიბარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები