"ოცნების" მთავრობის პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში ენერგეტიკაში სხვადასხვა მიმართულებით მანკიერი პრაქტიკა ჩამოყალიბდა. ამის შესახებ მან საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და დასძინა, რომ ეს პრობლემები მოგვარდება.
„იყო, მაგალითად ნებართვების გადაყიდვის არასწორი პრაქტიკა, რასაც სისტემური სახე ჰქონდა შეძენილი. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა მიმართულებით ამ პრობლემების მოგვარებას, რაც დააჩქარებს ენერგეტიკის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. თვითკრიტიკის სახით უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში იყო მცირედით შეფერხებული ენერგეტიკის განვითარება და სწორედ ასეთი პრაქტიკები უშლიდა ხელს სექტორის სწრაფ განვითარებას. ეს პრობლემები მოგვარდება და ეს გახდება საწინდარი იმისა, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს ენერგეტიკის სექტორი მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ ისიც თქვა, რომ ენერგოპროექტების წინააღმდეგ ეკონომიკური საბოტაჟი ხდებოდა და მაშინდელ ხელისუფლებას იმის საკმარისი რესურსი არ ჰქონდა ამგვარ საბოტაჟს დაჰპირისპირებოდა. მისი თქმით, ენერგეტიკაში მიზნის მისაღწევად საჭიროა სწორი პოლიტიკა და მასშტაბური პროექტების განხორციელება, როგორიც არის „ხუდონის“, „ნენსკრას“, „ნამახვანის“ პროექტები.
„ჩვენი ამბიციური მიზანია, 2028 წლისთვის მივაღწიოთ 8 000 მგვტ მაჩვენებელს, ხოლო 2030 წლისთვის მივაღწიოთ 10 000 მგვტ-ს, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით...
ამ მიმართულებით განსაკუთრებული გამოწვევა იყო ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური საბოტაჟი. ამ ეკონომიკურ საბოტაჟში სხვადასხვა სუბიექტი იყო ჩართული. მათ შორის, უცხოური დაფინანსებითაც კონკრეტული ორგანიზაციები პირდაპირ აწარმოებდნენ საბოტაჟს ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც საკმაოდ ძვირად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას, მათ შორის პირდაპირი გაგებითაც. ქვეყანას უწევს კონკრეტული პროექტის შემთხვევაში ათეულობით მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურება სწორედ ამ ეკონომიკური საბოტაჟიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მაშინ არ ჰქონდა სახელმწიფოს საკმარისი რესურსი, რომ დაპირისპირებოდა ამგვარ საბოტაჟს, თუმცა დღეს სახელმწიფო არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ნებისმიერი, მათ შორის ასეთი მსხვილი პროექტების შეუფერხებელი განხორციელება და ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან”, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ეს სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება.
"2012 წლის შემდეგ გაიზარდა ენერგეტიკის გამომუშავება, თვისებრივი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით, აშენდა ახალი ჰიდროელექტროსადგურები, თბოელექტროსადგურები, მზისა და ქარის სადგურები. სტატისტიკას რაც შეეხება, 2004-2012 წლებში, სულ 150 მგვტ შეემატა, დაახლოებით, ენერგეტიკულ სისტემას, მაშინ როცა, ეს მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ 1000 მგვტ-ს აღემატება. 3 359 მგვტ დადგმული სიმძლავრიდან ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი დაახლოებით 4 600-მდე. ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები შემდეგი წლებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, 2012 წლიდან, დაახლოებით, 10-ჯერ არის გაზრდილი გაზიფიკაციის ტემპები და დღეისთვის ბუნებრივი აირი 860 დასახლებაში შევიდა, რითაც საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე სარგებლობს.
„2012 წელს გაზიფიკაციის მაჩვენებელი იყო 55% ქვეყნის მასშტაბით და ეს ძირითადად უკავშირდებოდა საბჭოთა პერიოდში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.ჩვენ ბოლო დროის განმავლობაში განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ენერგეტიკის სისტემაში, რამაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს მნიშვნელოვან რეფორმებს ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები. განხორციელდა ოპტიმიზაცია, როგორც კადრების მიმართულებით, ასევე ზოგადად - ხარჯების ოპტიმიზაცია.
წლის ჭრილში, მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების ნაწილში ჩვენ შევძელით 370 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა. ბუნებრივია, ეს არის ის სახსრები, რომლებიც ჩაბრუნდება ენერგეტიკის სისტემაში და მოხმარდება ჩვენი ენერგეტიკის სისტემის და ეკონომიკის განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერმა.




























