ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის. ამის შესახებ კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
გასულ კვირაში Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა საქართველოსა და ინდონეზიის პორტების სანქცირებას ეწინააღმდეგება. არადა სანქციების მე-20 პაკეტის მისაღებად ევროკავშირს 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ყულევის პორტის სანქცირებაზე უნგრეთმა და იტალიამ გამოთქვეს შეშფოთება, საბერძნეთი და მალტა კი ინდონეზიის პორტის სანქცირების მხარდაჭერისგან იკავებენ თავს. სააგენტოს წყაროებმა უთხრეს, რომ იტალიის წინააღმდეგობა ყულევის პორტის სანქცირებაზე აზერბაიჯანს უკავშირდება, რადგან იტალია აზერბაიჯანულ გაზსაც იღებს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება დისკუსია უკრაინის შესახებ. ხვალ ამ საშინელი ომის მეოთხე წლისთავი სრულდება, ამიტომ, რა თქმა უნდა, იქნება მსჯელობა სანქციების მე-20 პაკეტზე. თუმცა როგორც ყველამ იცით, ვფიქრობ, რომ დღეს ამ კუთხით პროგრესი არ მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ საკითხის წინ წამოწევას.
ასევე იქნება დისკუსია იმის შესახებ, თუ რაზე უნდა ველაპარაკოთ რუსებს. ნათელია, რომ აქამდე, როდესაც საქმე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეხება, ზეწოლა უკრაინაზე იყო, მაგრამ ცხადია, რომ ეს ზეწოლა რუსულ მხარეზე უნდა იყოს, რადგან ამ ომში ისინი არიან აგრესორები. თუ გვსურს, რომ ეს ომი შეჩერდეს, თუ არ გვინდა, რომ ეს კიდევ უფრო შორს წავიდეს, მაშინ ასევე უნდა დავინახოთ დათმობები რუსული მხრიდან. ასევე განვიხილავთ 90-მილიარდიანი სესხის საკითხსაც თუ როგორ უნდა წავწიოთ ეს წინ", - ამბობს კალასი.
ევროკომისიამ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტი თებერვლის დასაწყისში წარადგინა და მისი მიზანია რუსეთს ნავთობიდან შემოსავლები კიდევ უფრო შეუმცირდეს. ამით ევროკავშირი ცდილობს რუსეთი უკრაინაში ომის დასრულება აიძულოს, რადგან ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლებით კრემლი უკრაინაში ომს აფინანსებს. მე-20 პაკეტს ევროკავშირში 23 თებერვალს განიხილავენ და შეეცდებიან 2026 წლის თებერვალშივე დაამტკიცონ.
"რადიო თავისუფლება" ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს პორტის სანქცირების საჭიროება დოკუმენტში ასეა დასაბუთებული: „ყულევის პორტი გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“.




























