მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი?

რუსული კომპანიები

ევროსაბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ სანქციების 21-ე პაკეტი მიიღო. ახალი შეზღუდვები რუსეთის ეკონომიკის იმ საკვანძო სექტორებს მოიცავს, რომლებიც ომის დაფინანსებაში მთავარ როლს ასრულებს.

შეზღუდვები სულ 218 სუბიექტზე გავრცელდა, რომელთა შორის 48 ფიზიკური და 170 იურიდიული პირია. როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება ევროპულმა მხარემ რუსული ძალების მიერ უკრაინის სამოქალაქო, ენერგეტიკულ, წყალმომარაგებისა და სამედიცინო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ მიიღო.

რიგით 21-ე სანქციების პაკეტით ევროკავშირმა ფინანსურ და საბანკო სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გაზარდა. აქტივების გაყინვა და სახსრების გადაცემის აკრძალვა 94 ბანკსა და ფინანსურ ინსტიტუტს, ასევე რუსული საბანკო სექტორის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურას დაუწესდა. ფინანსური ტრანზაქციების აკრძალვა დამატებით 33 რუსულ საკრედიტო დაწესებულებაზე გავრცელდა.

ამასთან, სანქციების გვერდის ავლის გამო შეზღუდვები იმ ყირგიზულ ბანკს დაუწესდა, რომელიც SPFS-ის სისტემასთანაა დაკავშირებული. სანქციები დაწესდა A7-ის ტრანსსასაზღვრო ქსელთან დაკავშირებულ 4 სუბიექტზეც. ტრანზაქციების აკრძალვა გავრცელდა საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში ბაზირებულ 14 კრიპტოპლატფორმაზეც. ევროკავშირმა ასევე პირველად შემოიღო მესამე ქვეყნებისთვის კრიპტოაქტივების მომსახურების სრული აკრძალვის მექანიზმი.

ახალი შეზღუდვების ფარგლებში, ევროკავშირმა სანქციების სიაში ჩრდილოვანი ფლოტის დამატებით 41 გემიც შეიყვანა და აკრძალვები იმ ხომალდებზეც გაავრცელდა, რომლებიც მათ საწვავითა და სხვა სერვისებით უზრუნველყოფენ. სანქციები დაუწესდა ჩრდილოვანი ფლოტის 8 ეკონომიკურ სუბიექტს, 1 ფიზიკურ პირს და პირველად, ეკიპაჟის კომპლექტაციის სააგენტოს.

ნავთობის სექტორში შეზღუდვები 18 ორგანიზაციასა და 1 ფიზიკურ პირს დაეკისრა, მათ შორის რუსეთის 3 და ბელარუსის 1 მსხვილ გადასამუშავებელ ქარხანას. ხოლო თუ საქართველოში მდებარე ყულევის ქარხანა, რომელიც რუსულ ნავთობს ამუშავებს, ექვი თვის ვადაში სრულ დივერსიფიკაციას არ მოახდენს, ტრანზაქციებზე შეზღუდვები მასაც დაუწესდება. ევროკავშირის გადაწყვეიტლებით, სანქციები დაუწესდა ნავთობით მოვაჭრე 5 სუბიექტსაც. ამას გარდა, შეზღუდვები გავრცელდა ენერგომომწოდებელზე, "რუსეთის რკინიგზის" წარმომადგენელზე, 2 რუსულ პორტსა და 4 აეროპორტზე.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შეზღუდვები ოქროს სექტორის 7 მსხვილ მოთამაშეს, ალმასის მომპოვებელ წამყვან კომპანიასა და სამთო-პლატინოიდების სექტორის საწარმოებს დაუწესდა. რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესასუსტებლად სანქციები 56 ფიზიკურ და იურიდიულ პირსაც დაეკისრა, რომელთაგან 37 უშუალოდ შორ მანძილზე მოქმედი დრონების წარმოებას უკავშირდებოდა. ორმაგი დანიშნულების საქონელზე ექსპორტის შეზღუდვა დაუწესდა 51 ახალ ორგანიზაციას, მათ შორის ჩინეთში, ჰონგ-კონგში, ინდოეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქმედ სუბიექტებს.

ექსპორტის აკრძალვა გავრცელდა ნიკელის ფხვნილზე, ბერილიუმზე, თვითწებვად ფირებსა და უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილებზე. სპილენძის, ნიკელისა და ტყვიის მადნის, ასევე ცინკის, მინის, იმიტირებული მარგალიტისა და ავტონაწილების იმპორტზე დაწესდა ზედა ზღვარი - €60 მილიონი ($65 მლნ.). საყურადღებოა, რომ ანალოგიური სავაჭრო შეზღუდვები ბელარუსის მიმართაც ამოქმედდა.

რაც შეეხება სხვა ზომებს, ევროკავშირმა სანქციები დააწესა 8 პროპაგანდისტსა და იმ რუს გენერალ-მაიორზე, რომელიც უკრაინელი სამხედროების წამებასა და მკვლელობებში მონაწილეობდა. ამასთან, მომზადდა სამართლებრივი ბაზა რუსი სამხედროებისა და დაქირავებული მებრძოლებისთვის ევროკავშირის ვიზების სრული აკრძალვისთვის, რომლის ამოქმედების თარიღსაც საბჭო მოგვიანებით განსაზღვრავს.

ევროკავშირის სასამართლოებს უფლება მიეცათ, არ ცნონ რუსული სასამართლოების მიერ სანქციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები.

ცნობისთვის, ეს ევროკავშირის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მიღებული სანქციების 21-ე პაკეტია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ის ფიზიკური და იურიდიული პირების ყველაზე მასშტაბურ ჩამონათვალს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები