მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დღეს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ.
მისი თქმით, "დღეს, საქართველოს დიდგორია" და ყველა მოქალაქემ გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.
"დღეს, ალბათ შეატყვეთ ბიძინა ივანიშვილის სახეზე, რა ეტყობოდა... იმ სიტყვას არ გამოვიყენებ. დღეიდან, 16:00 საათიდან, საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს. ყველანი ქუჩაში. რაც მეტი ვიქნებით, მალე მოვრჩებით. გავუფრთხილდეთ ქართულ დროშას - ის ჩვენი დასაცავია.
თუ ვინმეს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, გამოვიდეს თუ არა აქციაზე, ის კარგავს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან დღეს თავის ცხოვრებაში. დღეს არის საქართველოს დიდგორი. გადამწყვეტი ბრძოლაა და დღეს ჩვენ გავიმარჯვებთ, ამიტომ ყველანი გამოდით გარეთ, რათა თქვენ შვილებს და შვილიშვილებს შემდეგ უთხრათ, რომ იყავით რუსთაველზე და იცავდით საქართველოს, - აცხადებს მსოფლიო ბანი, რომელიც დღევანდელ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
მისივე თქმით, სამოქმედო გეგმას 16:00 საათზე გამოაცხადებენ საპროტესტო აქციის სცენიდან, რომელიც თავისუფლების მოედანზე განთავსდება.
რამდენიმე საათის წინ, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა. პაატა ბურჭულაძის გარდა, კომიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე არიან.
დღეს საქართველოსა და უცხოეთში საპროტესტო აქციებია დაგეგმილი.




























