მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს თავაწეული მივდივარ ხალხთან, რადგან ზურგს მიმაგრებს გაკეთებული საქმეები - კალაძე

კალაძე

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე კრწანისის რაიონის მოსახლეობას შეხვდა, სადაც დედაქალაქის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მერმა, რომელიც პოსტს 2016 წლიდან იკავებს თქვა, რომ თბილისის მთავარი გამოწვევებია ავარიული შენობა-ნაგებობები, ინფრასტრუქტურის განახლება, რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერა.

„ქალაქი უამრავი გამოწვევის წინაშე დგას – გვაქვს ავარიული შენობა-ნაგებობები; გამზირები და ქუჩები, რომლებსაც რეაბილიტაცია-განახლება სჭირდება; რეკრეაციული სივრცეები, რომლებიც მოსაწესრიგებელია; ჯერ კიდევ ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს. ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია რეალურად და ღირსეულად უპასუხოს ყველა გამოწვევას, არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, 2017 წელს თბილისელებისთვის საჭირო იყო დაემტკიცებინა, რომ საქმის კეთება შეუძლია, ახლა კი მხარდაჭერისა და განხორციელებული პროექტების საფუძველზე „თავაწეული მოდის ხალხთან“.

"2017 წელს, როდესაც არჩევნებში მონაწილეობას პირველად ვიღებდი, მჭირდებოდა თბილისელებისთვის მტკიცება, რომ საქმის კეთება შემიძლია. დღეს უკვე, როდესაც ხალხს ვხვდები, თავაწეული მოვდივარ, ამაყი ვარ, რადგან ზურგს მიმაგრებს გაკეთებული საქმეები და რაც მთავარია თქვენი მხარდაჭერა, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. ის სიყვარული, რასაც ხალხისგან ვგრძნობ, რასაც ძალიან ვუფრთხილდები, ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს", - თქვა კალაძემ.

კალაძემ ასევე თქვა, „მეამაყება, რომ ვარ ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი, რომ ვარ თითოეული თქვენგანის თანამებრძოლი, რომ ერთად ვიცავთ საქართველოს ინტერესს და ვაკეთებთ ქართულ საქმეს. ჩვენ ერთად ძალიან დიდი ძალა ვართ,“

შეხვედრას „ქართული ოცნების“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძე და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები