მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია საქართველო-ჩეხეთის მატჩის ტრანსლაციას რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზე უზრუნველყოფს - კალაძე

ფეხბურთი

7 სექტემბერს საქართველოსა და ჩეხეთს შორის საფეხბურთო მატჩი დინამო არენას ნაცვლად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომლის ტევადობაც დინამო არენასთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლებია, ამის მიზეზს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით წარმოადგენს ფაქტი, რომ დინამო არენა დამატებით ექსპერტულ შეფასებას საჭიროებს, თავად დინამო არენას განცხადებით, საუბარია მათი პირველი იარუსის შემოწმების საჭიროებაზე, რომელიც 12,995 მაყურებელზეა გათვლილი, შესაბამისად სტადიონს შეუძლია 41,897 მაყურებელი მის მეორე იარუსზე მიიღოს. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად ფეხბურთის ფედერაციამ მატჩის მიხეილ მესხის სტადიონზე გამართვის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ტევადობაც 27,223 მაყურებელია.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია რესპუბლიკის მოედანზე დიდ ეკრანზე ფეხბურთის ტრანსლაციას უზრუნველყოფს.

„როგორც იცით, უეფა-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დიდია ქართველი გულშემატკივრის ინტერესი აღნიშნული თამაშის მიმართ, რასაც ადასტურებს უმოკლეს პერიოდში გაყიდული ყველა ბილეთი. საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდში უმნიშვნელოვანეს წარმატებებს მიაღწია, რაც რასაკვირველია, არ არის შემთხვევითი. ეს არის თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო გუნდის, ფეხბურთის ფედერაციის უდიდესი შრომისა და იმ ძალისხმევის შედეგი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ სპორტის განვითარების კუთხით გასწია, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, 7 სექტემბერს, რესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება მოეწყობა.

"ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და რესპუბლიკის მოედანზე, 19:00 საათზე ღია ჩვენებას გავმართავთ. ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი საგულშემატკივროდ. ადგილზე დამონტაჟდება ძალიან დიდი ეკრანები, განთავსდება კვების ობიექტები. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ გაახარებენ ქართველ გულშემატკივარს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები