"დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას. ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პროექტში ჩაიდო 280 მილიონი ლარის ინვესტიცია და თბილისში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი.
„დღევანდელი დღე ძალიან ემოციურია თითოეული ჩვენგანისთვის, დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას. ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა. მთლიანობაში, ამ პროექტში ჩაიდო 280 მილიონი ლარის ინვესტიცია. თბილისში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი. ეს პროექტი სულ 11 კორპუსსა და 2 400-ზე მეტ ბინას აერთიანებს; 4 შენობაში მოსახლეობა გასულ წელს უკვე შესახლდა, დღეს კი 1 600 ოჯახი იწყებს ცხოვრებას კომპლექსის ახალ 7 ბლოკში. აქ შექმნილია სრულფასოვანი, კომფორტული გარემო გამწვანებული სივრცეებით, სპორტული მოედნებითა და ბავშვთა გასართობი ზონებით. ჩვენი მოქალაქეები დაცულ და უსაფრთხო გარემოში იცხოვრებენ“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია.
„დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენი ძალისხმევა მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება. მნიშნელოვანი პროექტები ხორციელდება ასევე რეგიონებში. რუსთავში 800 ოჯახისთვის 4 კორპუსი შენდება, ზუგდიდში 1 700-ზე მეტი ბინა 7 ახალ კორპუსში, ხოლო ბორჯომში ახალ საცხოვრებელს კიდევ 150 ოჯახი მიიღებს. გასულ წელს ქუთაისში უკვე დავასრულეთ 720-ბინიანი კომპლექსის მშენებლობა. ეს არის ის მასშტაბური პროექტები, რომელიც ხორციელდება და რომელთა საბოლოო მიზანია ყველა დევნილი ოჯახი იყოს უზრუნველყოფილი ღირსეული საცხოვრებლით. ამასთანავე, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფომ უკვე 16 000-მდე ბენეფიციარს შეუსყიდა საცხოვრებელი, მათ შორის 2 000-ს - მიმდინარე წელს“, - განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის განცხადებით, მთლიანობაში, 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა. დაიხურა 450-მდე მძიმე, ავარიული, ე.წ. კომპაქტური განსახლების ობიექტი და ათასობით ადამიანმა საბოლოოდ დააღწია თავი გაუსაძლის პირობებს.
“თუ 2012 წელს მთელი სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი ლარი იყო, რაც აისახებოდა, ბუნებრივია, პროგრამების მოცულობაზე უარყოფითად, წელს მხოლოდ ამ მიმართულებით 240 მილიონ ლარს ვხარჯავთ, ხოლო მომავალ წელს ეს დაფინანსება კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის დევნილების განსახლება, დევნილებზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და, რა თქმა უნდა, დარჩება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გაიარეთ ძალიან რთული გზა გაიარეთ და ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ელოდებოდით ღირსეულ საცხოვრებელს. მინდა, მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას.
არც ერთი წამით არ გვავიწყდება ჩვენი უმთავრესი ამოცანა, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. საბოლოოდ ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თქვენ ღირსეული საცხოვრებელი მიიღოთ საკუთარ მშობლიურ კუთხეში და ეს დარჩება ჩვენი ხელისუფლების უმთავრეს საზრუნავად. მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება. მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ამ მიზანს საბოლოოდ აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
























