დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც მისი ადმინისტრაცია ავრცელებს.
კობახიძის თქმით, ეს დღე ყველას შეახსენებს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდეს დედაუნივერსიტეტის სტატუსი.
“დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა! ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი, როგორადაც ის ივანე ჯავახიშვილმა და მისმა დიდმა თანამოაზრეებმა ჩაიფიქრეს!”, - აღნიშნავს კობახიძე.
ცნობისთვის, დაახლოებით ერთი კვირის წინ, "ოცნების" მთავრობამ თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ორივე უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების უმრავლესობა გაერთიანებას ეწინააღმდეგება.
ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებისა და განათლების მინისტრ გივი მიქანაძის ხანგრძლივი შეხვედრა ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე ორი დღის წინ გაიმართა. თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება“ არ მიღებულა. თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, სალომე დუნდუამ კი აღნიშნა, რომ მიქანაძემ ბევრჯერ თქვა, რომ „პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია“.




























